06/02/2022
11:31
სპორტი
უშუალოდ დღევანდელი მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის, 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტია და ერთი მათგანი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, სამი კი მარქაფაშია.
მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ მესამეხაზელ სანდრო მამამთავრიშვილს. მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და ფრთა დავით მესხი.
2020 წლის თებერვლის შემდეგ გუნდს უბრუნდება კვაჭი ვანო კარკაძე.
ძირითად შემადგენლობაში არიან ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, რომლებსაც მეორე ტაიმში მიხეილ ნარიაშვილი და ლუკა ჯაფარიძე შეცვლიან. მეორე ხაზში თამაშს იწყებს ლაშა ჯაიანი, ხოლო ნოდარ ჭეიშვილი მარქაფაშია. მესამე ხაზში პირველივე წუთებიდან ვიხილავთ ოთარ გიორგაძეს და თორნიკე ჯალაღონიას.
9 ნომრის პოზიციაზე სასტარტოშია გელა აფრასიძე, რომელსაც თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება, ცენტრში კი, ბოლო პერიოდის მსგავსად, მერაბ შარიქაძესა და დემე თაფლაძეს ვიხილავთ. ფრთებზე მირიან მოდებაძე და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა. 9 ნომრის მარქაფაშია ვასილ ლობჟანიძე, ხაზში კი ლაშა ლომიძეს ვიხილავთ.
„ბიჭებმა დასახული გეგმის მიხედვით კარგად ივარჯიშეს. სამწუხაროა, რომ კოვიდ-ინფექციის გამო თავიდანვე გამოგვაკლდა მოთამაშეთა ნაწილი და შემდგომ, ვარჯიშის პროცესშიც განვიცადეთ დანაკლისი. აქედან გამომდინარე, მთლად კომფორტულად ვერ ვართ და გარკვეული გადაადგილებები მოგვიწია, მაგრამ საბედნიეროდ, გვყავს რეზერვი „შავი ლომიდან“. მთლიანობაში, სასურველი შემადგენლობა არ გვყავს, თუმცა ამას მეორე, კარგი მხარეც აქვს – სხვა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი“, – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
0
0