23/05/2023
14:30
მსოფლიო
„რუსეთის ბელგოროდის ოლქში მიმდინარე ბრძოლები უკრაინას ხელს შეუწყობს მოსკოვის ძალების წინააღმდეგ ნებისმიერი შეტევის განხორციელებაში,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ლორდ რიჩარდ დანატმა.
"რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ განახორციელა თავდასხმები - უკრაინელმა დივერსანტებმა თუ რუსმა პარტიზანებმა, რადგან ეს სასაზღვრო სოფლებში მცხოვრებ რუს ხალხს უბიძგებს, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო მეტი დაცულობის უზრუნველყოფა მოსთხოვონ. მაგრამ საიდან აპირებს რუსეთის პრეზიდენტი ჯარების მოყვანას ამ ზონაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? შესაძლოა, მას უკრაინიდან დასჭირდეს ჯარების გარკვეული ნაწილის გაყვანა. კიევი უარყოფს მოსკოვის ბრალდებას, თითქოსდა დივერსიულ ჯგუფში უკრაინელები მონაწილეობენ. გასაგებია, რომ უკრაინა ამ ბრალდებას, ასე ვთქვათ, „აწეული წარბით უსმენს“.
რაც შეეხება უკრაინის მოსალოდნელ შეტევას, ჩვენ ამას მაშინ დავინახავთ, როდესაც ისინი მზად იქნებიან. ისინი იმარაგებენ და აგროვებენ იარაღს, სამხედრო აღჭურვილობას, რომელსაც მათ დასავლეთი აწვდის. პარალელურად, უკრაინელები დროის შერჩევის პროცესში არიან და ვფიქრობ, რომ ეს დრო მოახლოებულია. თუ ისინი გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებენ რუსებს, შანსი აქვთ, რომ მნიშვნელოვანი შედეგიც მიიღონ,“ - აღნიშნა რიჩარდ დანატმა.
გენერლის თქმით, D-Day-თან [ნორმანდიაში მოკავშირეთა მიერ დაწყებული კამპანია მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს] პარალელის გავლებით, ეს არ ნიშნავს, რომ „ომი დღეებში ან კვირეებში დასრულდება“.
0
0