13/04/2023
14:31
ბადაგონი
კომპანია „ბადაგონი“ ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესს აგრძელებს- კომპანიის პროდუქციის ექსპორტი დღეს უკვე 32 ქვეყანაში ხორციელდება, რომელსაც ინდოეთისა და ბაჰრეინის ბაზრებიც დაემატა.
როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია აცხადებს, იზრდება როგორვ ევროპის, ასევე აზიის ქვეყნების წილი.
გიორგი სალაყაიამ გასული წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
“ბადაგონი“მსოფლიოს მასშტაბით, დივერსიფიკაციის კუთხით პროცესს საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს. ჩვენ ვოპერირებთ 32 ქვეყანაში. გამომდინარე გეოპოლიტიკური პროცესებიდან, რომელიც დღეს მსოფლიოშია, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ძვრები და სიახლეები ამა თუ იმ ბაზარზე. კერძოდ, საკმაოდ გააქტიურებულია აზიის ბაზარი. ჩინეთი, თავისთავად, რჩება ლიდერად აზიის კუთხით, მაგრამ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უზბეკეთი, თურქმნეთი -ამ ქვეყნებში წელს დავიწყეთ საკმაოდ მძლავრი გადატვირთები. ასევე, საინტერესოა, რომ გვაქვს ერთი სიახლე - ეს არის ინდოეთისა და ბაჰრეინის ბაზარი“,- განაცხადა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა „საქმიან დილაში“.
მისი თქმით, საგულისხმოა სხვადასხვა ბაზრების განვითარების ტენდენციაც.
„ძალიან საინტერესოა ევროპის ბაზარი, თითქმის 100%-იანი ზრდა გვქონდა. კერძოდ, პოლონეთის ბაზარზე. რაც შეეხება გერმანიის ბაზარს, აქაც, დაახლოებით, 13%-იანი ზრდა იყო, რაც ძალიან გვახარებს. გერმანიაში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ლოჯისტიკური ბაზა, საიდანაც ხდება მთელ ევროპაში ღვინოების განაწილება“,- აღნიშნა სალაყაიამ.
როგორც გოგი სალაყაია ამბობს, „ბადაგონი“ წარმოდგენილია ევროპის 14 ქვეყანაში. გასული წელს გაყიდვები 27 პროცენტს შეადგენს. წელს კი, კომპანია უკვე გაფორმებული და დაკონტრაქტებული გაყიდვების რაოდენობით, ამ წილის 35 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს.
„ვფიქრობთ, რომ ერთ დღეში არ დაბადებულა ეს ბაზარი, აქ ხელი შეგვიწყო სახელმწიფოს მიერ დაფინასებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა. კერძოდ, გამოფენებში ჩვენმა მონაწილეობამ. პანდემიის შემდეგ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა იყო დუსელდორფში, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყვნენ ჩასულები. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენი ღვინო, კიდევ უფრო კარგად გაიცნეს. ამას გარდა, ქართული ღვინის ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომელიც არის განთავსებული მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში, ძალიან დიდ მარკეტინგულ დატვირთვას იღებს თავის თავზე, რაც გვეხმარება სხვა ბაზრებზე შესვლაში. ვფიქრობთ, ეს ბაზარი ორციფრიან ნიშნულს მიუახლოვდება და მუდამ მზარდი იქნება“,- აღნიშნა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა.
რაც შეეხება რუსეთის ბაზარს - გოგი სალაყაია ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, არ არის სწორი განსაზღვრება, რადგან რუსეთის ბაზარი, გარკვეულწილად, ტრადიციული ბაზარია.
„რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება- ასე თქმა არ იქნებოდა სწორი, რადგან რუსეთის ბაზარიც, გარკვეულწილად, ტრადიციული ბაზარია. ალბათ, თქვენც და მაყურებელსაც გაუკვირდება, რომ დღეს აღდგენილია და 80%-იან ნიშნულს დაუბრუნდა უკრაინის ბაზარი, მიუხედავად იქ მიმდინარე პროცესებისა და ვფიქრობთ, რომ ეს ტრადიციული ბაზრები შენარჩუნებული უნდა იყოს ქართული ღვინისთვის",- განაცხადა სალაყაიამ.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ შარშან რუსეთის ბაზარზე გაყიდვები 40 პროცენტიანი ნიშნულზე დაასრულა, რასაც დიდი ინვესტირება მოჰყვა.
„ჩვენ, შარშანდელი მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე გაყიდვები დავამთავრეთ 40%-ის ნიშნულით. ამას მოჰყვა საკმაოდ დიდი ინვესტირება, რათა უფრო მეტად გაგვეზარდა წარმოება. ჯამში, შარშანდელი წელი დავამთავრეთ 9 მილიონი ბოთლის ექსპორტით. წელს ვგეგმავთ ამის 20%-ით გაზრდას და შესაბამისად, ეს წილები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ უნდა იყოს მატება რუსეთის ბაზარზე“, - დასძინა გოგი სალაყაიამ.ნიშანდობლივია საქართველოს შიდა ბაზრის განვითარება. "ბადაგონის" თანამშრომლობა საქართველოში უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატთან". ამ თანამშრომლობის შედეგად, "ბადაგონის" გაყიდვების საერთო მოცულობიდან, საქართველოში გაყიდული ღვინო 25% შეადგენს.
0
0