ახლა უმთავრესია არა ცალ-ცალკე პოლიტიკური პარტიების სარგებელი, არამედ ის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა , - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მთავარია, ბარიერი გადალახოს ყველა იმ ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეიქმნება.
„ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს, პარტიები ერთმანეთს ხვდებიან, განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს თავისი საგარეო პოლიტიკური თუ სხვა ტიპის მისწრაფებების შესაბამისად, რომ შექმნან გაერთიანებები ისეთ პარტიებთან, რომლებიც ყველაზე მეტად ეთანადება მათ პოლიტიკურ კურსს, ამიტომ, ყველაფერი არის შესაძლებელი. სავარაუდოდ, საუბარი არის სამ ან ოთხ ოპოზიციურ ცენტრზე. კვლევები ანახებს, რომ გამოკვეთილია მინიმუმ ორი პარტია, რომლებსაც სხვებზე მეტი მხარდაჭერა აქვს ამ წუთისათვის. როგორი იქნება შედეგები, მე შემიძლია, მხოლოდ ახლა ვთქვა, რომ მაქვს რწმენა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ამ საკითხის და ოპტიმალური იქნება ის კონფიგურაციები, რომელიც საბოლოოდ შეიქმნება“ , - განაცხადა მან.
კითხვაზე, ვისთან შეიძლება პარტია „ახალი“ დაჯგუფდეს, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები პარტია „ლელოსთან“ მიმდინარეობს, განიხილება ასევე სხვა პარტიებიც, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებთანაც ვერ ითანამშრომლებენ. წიკლაურის განმარტებით, ასეთი გიორგი გახარიას პარტიაა.
„ჩვენ ეს არც დაგვიმალავს, ეს საუბარი „ლელოსთან“ მიმდინარეობს, დაიწყება კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, დინამიური პროცესია. პარტია „ახალი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეიწყოს ერთ მთავარ გარემოებას, რომ არც ერთი მცირე პოლიტიკური პარტია არ დარჩეს ისეთი, რომელიც თვითონ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს და ეს შემდეგ დააზიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს. მთავარი ამოცანაა, პროევროპული ამომრჩევლის ხმები არ დარჩეს ბარიერს მიღმა და ამით ჩვენ ხელი არ შევუწყოთ მმართველ ძალას, რომ შეინარჩუნოს ანტიევროპული მმართველობა. მე მოვერიდებოდი წითელ ხაზებზე საუბარს, მაგრამ, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია გაცილებით შორს არის ჩვენი პოლიტიკური ძალისაგან ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
0
0