29/11/2024
17:34
პოლიტიკა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი, ქეთი წიწუაშვილი რუსთაველის გამზირზე დაკავებული ერთ-ერთი პირის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლისა და დაკავებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, მას დაზიანებები ვიზუალურად აღენიშნება. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ დაზიანებები სპეცრაზმის თანამშრომლებმა მიაყენეს. მას თვალზე სისხლჩაქცევები აქვს და ცხვირი გატეხილი აქვს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაკავებულს სამედიცინო დიაგნოსტირება ესაჭიროება.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 43 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
0
0