მოზარდების უმეტესობას, რომლებსაც ადრეულ ასაკში საკუთარ გენდერულ კუთვნილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს, დროთა განმავლობაში ეს კითხვები უქრება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ნიდერლანდებში, გრონიგენის უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში 2 700-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ 11-დან 25-წლამდე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ეკითხებოდნენ, რა გრძნობები აქვთ საკუთარი გენდერის მიმართ. კერძოდ, მათ სთავაზობდნენ კითხვარს: „მე მინდა ვიყო საპირისპირო სქესის წარმომადგენელი“ და პასუხის სამ ვარიანტს სთავაზობდნენ: „ეს სიმართლეა“, „ეს ხანდახან სიმართლეა“, „ეს ხშირად სიმართლეა“.
11 წლის ასაკში 10-დან ერთი (11%) ბავშვი გამოხატავდა უკმაყოფილებას თავისი ბიოლოგიური სქესის მიმართ, ამა თუ იმ დონეზე. თუმცა, 25 წლის ასაკში ანალოგიური გრძნობები 25-დან მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა. „მიმდინარე კვლევის შედეგები დაეხმარება ახალგაზრდებს მიხვდნენ, რომ ამ ასაკში საკუთარი გენდერული იდენტობისადმი კითხვების დასმა გავრცელებული მოვლენაა“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
15-წლიანი კვლევა აშშ-ში ტრანსგენდერი ბავშვებისთვის სქესის შეცვლის მიზნით მედიკამენტების გამოწერის ბუმის ფონზე ჩატარდა. ამ მიდგომის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ექიმები და მშობლები ბავშვებისთვის ამ პროცესს ზედმეტად მარტივს ხდიან.
„კვლევა უფრო მეტ მიზეზს გვაძლევს სკეპტიკურად ვუყუროთ ბავშვებსა და ახალგაზრდებში გენდერული ტრანზიციის აგრესიულ მეთოდებს. ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში [საკუთარი გენდერული კუთვნილებით უკმაყოფილოთა] რიცხვი მცირდება, გვარწმუნებს, რომ ფრთხილი მიდგომა ქირურგიულ ჩარევასა და ჰორმონულ თერაპიაზე უკეთესი იქნება იმ მოზარდების შემთხვევაში, რომლებსაც უჭირთ მსოფლიოში საკუთარი ადგილის განსაზღვრა, ამიტომ, არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის აკრძალვა საკმაოდ აზრიანად გამოიყურება“, - ამბობს ეთიკისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის (Ethics and Public Policy Center ) თანამშრომელი პატრიკ ბრაუნი. თავად ბრაუნს კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.
0
0