28/12/2022
15:16
მსოფლიო
ავღანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობისას 42 წლის ალიას ცხოვრება იოლი არ იყო, მით უმეტეს „თალიბანის“ მმართველობის პერიოდში.
მას შემდეგ რაც, ამერიკულმა ჯარებმა ავღანეთის ტერიტორია დატოვეს, „თალიბანი“ ხელისუფლებაში მოვიდა და ქალებს უფლებები მაქსიმალურად შეეზღუდა. ქალებს აეკრძალათ განათლების მიღება, გარეთ გასვლა, პარკში, სკვერებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა.
ბოლოს კი, კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც ავღანელ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალეს.
„თალიბანის მოსვლის შემდეგ ჩვენში შიში გაჩნდა, განსაკუთრებით იმ ქალებს გაუჩნდა შიში, რომლებიც დასაქმებული იყვნენ. ამის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ, მუშაობა მათი წესების დაცვით, როგორიცაა ჰიჯაბის ტარება მათ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. სამსახურში კი, მაჰრამთან [ოჯახის მამრობითი სქესის წევრთან] მივდიოდით“, - ამბობს ალია.
ალიას თქმით, ეს ძალიან რთული იყო, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება ეწეოდა ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.
„ჩვენს ექიმების გუნდს მუშაობის უფლებაც კი მისცეს. ჩვენ ვაძლევდით მნიშვნელოვან მომსახურებას ქალებსა და ბავშვებს და მე ასევე ვმუშაობდი პაციენტებთან, რომლებსაც სჭირდებოდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა. მაგრამ ეს ყველაფერი გასულ კვირას შეჩერდა, როცა „თალიბანმა“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს ალია.
ალია ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვთ როგორ შეძლებენ გადარჩენას.
„არ ვიცი, როგორ შევძლებთ გადარჩენას. 2008 წლიდან ვმუშაობ და ჩემი ექვსსულიანი ოჯახის მარჩენალი ვარ. ჩემს ქმარს არასტაბილური შემოსავალი აქვს, რომელიც ქირას ძლივს ფარავს. ვიბრძვი ჩემი შვილებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, მაგრამ თუ ჩემნაირ დედებს ახლა არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა, იძულებულნი ვიქნებით, მომავალში საზოგადოებისთვის წერა-კითხვის უცოდინარი ბავშვები გავზარდოთ“, - აცხადებს ქალი.
0
0