
არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, მიხეილ სააკაშვილის გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
ნანა კაკაბაძე წერს, რომ სააკაშვილის ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა.
გარდა ამისა, კაკაბაძე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის დღევანდელ ლიდერებს მიშა ციხეში სჭირდებათ იმისათვის, რომ მუდმივად იტივტივონ და წინა პლანზე იყვნენ პოლიტიკური თეატრის სცენაზე“.
„მიხეილ სააკაშვილი - გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.
საააკაშვილის ბოლო ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მისი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასთან რუსეთის აგენტურის დაკავშირებას.
ლოგიკურად გამოდის, რომ მას ეჭვი შეაქვს იმ ხალხში, ვინც ახდენდა მისი საქართველოში ჩამოსვლის ორგანიზებას.
სამართლებრივად ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის დადასტურებული, რომ გენერალი გია ლორთქიფანიძე იყო მისი გამომგზავრების ორგანიზატორი. როგორც ამბობენ, ეს კაცი ჯერ იგორ გიორგაძის დაცვის წევრი იყო, ხოლო შემდეგ ვანო მერაბიშვილის მოადგილე. თვითონ ნაცები იმასაც არ უარყოფენ, რომ ლორთქიფანიძე კეზერაშვილის კლანის წევრია.
როგორც ჩანს მიშა არც მელიას და პარტიაში მის უკან მოაზრებულებს ენდობა. სააკაშვილის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადება იმის მანიშნებელია, რომ პარტიაში დარჩენილ მთავარ მოთამაშეთა შორის თავისად არც ერთი ძალა არ მიაჩნია. დღეს არც ერთი მათგანი არ აღიარებს, ვისი ინიციატივისა და ცრუ დაპირებების შედეგია სააკაშვილის პატიმრობა.
აქედან იკვრება ჯაჭვი, რომ მიშა დაარწმუნეს მისი საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებაში, ხალხის მასობრივი მხარდაჭერის გზით რევოლუციის მოწყობისა და ხელისუფლების დაბრუნების რეალობაში და ეს ყველაფერი რუსული ძალების ჩარევით მოხდა.
პრინციპში, თვითონ სააკაშვილის აზრებიც დაახლოებით აქეთკენ მიიმართება და ის ფაქტი, რომ მას საქართველოში არავინ დახვედრია, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ამ ეჭვებს.
ანუ მიშა გაწირეს!
გამოსაკვლევი და დასადასტურებელი რჩება, დასახელებულების გარდა სხვა პირთა ვინაობა და საბოლოო მიზანი.
ამ მოსაზრების საფუძვლიანობას ისიც ადასტუერებს, რომ სააკაშვილის ოჯახი ნაცების თავმჯდომარის არჩევნებში მხარს უჭერს არც გამოკვეთილ ლიდერებს (მელია და ხაბეიშვილი), არც ნონა მამულაშვილს (უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის დას), არამედ აშკარა აუტსაიდერ გიორგი მუმლაძეს.
ეს ფაქტობრივად განაცხადა კიდეც სააკაშვილის ძმამ დავითმა, რომელსაც უარი არ უთქვამს მუმლაძის მიერ მისთვის პარტიის გენერალური მდივნის პოსტის შეთავაზებაზე.
მიშა ალბათ ყველანაირად ეცდება, რომ არცერთი კანდიდატის და მათი მომხრეების მხარდაჭერა არ დაკარგოს, რადგან ეს ოთხეული შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, ნაცების პარტიის რეალური ლიდერი, რომლის პოზიციაც ყველას მიერ უსიტყვოდ იქნება გაზიარებული, მხოლოდ სააკაშვილი იქნება და სხვა არავინ.
ფაქტია ისიც, რომ ნაცმოძრაობის დღევანდელ ლიდერებს მიშა ციხეში სჭირდებათ იმისათვის, რომ მუდმივად იტივტივონ და წინა პლანზე იყვნენ პოლიტიკური თეატრის სცენაზე.
ამ პოზიციებშიც არ ემთხვევა ნაც.მოძრაობის ინტერესები მიშას ინტერესებს.
საკუთარი პარტიისგან განსხვავებით მიშას მხოლოდ თავისუფლება სჭირდება, რისთვისაც ყველა ზომას მიმართავს - წამებულის პოზაში მყოფის სიმულაციით, მანიპულაციებით და მსახიობობით დაწყებული და საერთაშორისო ლობისტური კამპანიების მძლავრი მხარდაჭერით დამთავრებული.
პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა,- რაში სჭირდებათ მიშას უცხოელ ლობისტებს ან თვითონ მიშას, უღირსად მოპოვებული თავისუფლება?
მხოლოდ თავისუფლებისთვის?
სამომავლო პოლიტიკური გეგმებისთვის?
თუ წარსულში ჩადენილი ერთობლივი დანაშაულის გაუთქმელობისთვის?
ბოლო ორზე ხომ ჯერ არავის უსაუბრია?!“-წერს ნანა კაკაბაძე.
0
0