
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში იმყოფება. მან სტიქიის ზონა დაათვალიერა და შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა მომხდართან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ნამდვილად, 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი, 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე, პრემიერის დავალებით, ყველა სამსახური, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ უმოკლეს დროში, ასევე ავიაციაც ჩაერთო პირველივე დღეს. მიწის მასის თითქმის 60% უკვე შემოწმებულია, რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ, რომ ეს მთლიანი მასა გადამუშავდეს და მერე გადავალთ უკვე ლოკალურ სამუშაობზ და ასევე, მდინარის 50 კილომეტრიან მონაკვეთს, თითქმის ამბროლაურამდე ამუშავებენ, კონტროლდება და ალბათ, მერე უკვე დაბლაც უნდა ჩამოვუყვეთ რიონს, შეიძლება, ქვევითაც წამოიღო ვინმე“, - განაცხადა გომელაურმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, დააგვიანეს თუ არა სამაშველო ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში ჩასვლა, რაზეც მინისტრმა განაცხადა:
„ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში. ვერტმფრენი არ არის ველოსიპედი, არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. მას მომზადება სჭირდება. ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, შუაში სადღაც კუნძულზე იყო ეს 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. დაღამდა, იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ ის დანარჩენი ადამიანები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საზღვრის დაცვის ვერტმფრენს ჰქონდა ღამის ხედვის მოწყობილობები, თუმცა, მთიანი რელიეფის გამო, ღამე მუშაობის შემთხვევაში არსებობდა მისი ჩამოვარდნის საფრთხე.
„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე. ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი - ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა, არის ძალიან დიდი რისკი და თუ იმ წამს ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება რაღაცა, არ არის მიზანშეწონილი, რომ გარისკონ პილოტებმაც. არ არის ეს დაშვებული. არ შეიძლება, როცა შეგვიძლია, რომ დილით გამოვიყვანოთ 3 საათში ადამიანები, გავრისკოთ და ვერმფრენი დავღუპოთ ან პილოტები დავღუპოთ.
ვერტმფრენს შეუძლია ღამე აფრენა, შეუძლია, მაგალითად ბათუმის აეროპორტიდან თბილისში ჩაფრინდეს, რელიეფს გააჩნია. თუ რაღაც მართლა გადაუდებელი არ არის, შეუძლითა იქაც გარისკონ. ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილას იყვნენ, არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ, ეს ვერტმფრენი შეიძლება ჩამოვარდნილიყო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მან გუდარუში დატრიალებული ტრაგედია გაიხსენა, რა დროსაც, დაშავებული პარაპლანისტის დასახმარებლად ჩასული ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი პილოტების და მედიკოსების სიცოცხლე იმსხვერპლა.
„იქაც გარისკეს პილოტებმა, იმიტომ რომ ადამიანი ცოცხალი იყო, თუმცა, მოხდა უბედურება. იგივე შეიძლება განმეორდეს და როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს ან მდინარე ადიდდეს, რატომ უნდა გარისკო?“, - ამბობს ვახტანგ გომელაური.
მინისტრის თქმით, საფრანგეთში უკვე შეძენილია 3 სამაშველო ვერტმფრენი და წესით, პირველი მათგანი მარტში უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში.
0
0