17/01/2024
20:29
სხვადასხვა
ხელოვნური ინტელექტი სამყაროს და სამუშაო ადგილებს იმაზე ნაკლებად შეცვლის, ვიდრე ვფიქრობთ, - ამის შესახებ ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის დირექტორმა, სემ ოლტმენმა დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში განაცხადა. ამ შემთხვევაში, ამერიკელი ანტრეპრენიორი ხელოვნურ ზოგად ინტელექტს, იგივე AGI-ის გულისხმობს, რომელიც ისეთ ნეირონულ ქსელს მოიაზრებს, რომელსაც დავალებების შესრულება, სულ მცირე, ადამიანივით შეუძლია. მისივე თქმით, ამ ტიპის ხელოვნური ინტელექტი ბაზარზე შედარებით ახლო მომავალში გამოჩნდება.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სემ ოლტმენს რესპუბლიკური პარტიის აიოვას შტატში გამართულ ყრილობაზეც ჰკითხეს, რომელზედაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება და მუშათა კლასის სამუშაო ძალიდან განდევნა, სემ ოლტმენმა განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც ფიქრს საჭიროებს, მაგრამ, მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი, პირველ რიგში, ხელსაწყოდ უნდა აღიქმებოდეს.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.
0
0