
“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო.” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა.
ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მოხვდა. მათკენ მომავალი უზარმაზარი მასის დანახვამდე ჯერ საზარელი გრუხუნის ხმა ესმოდათ, მერე კი დაინახეს, როგორი სისწრაფით მოდიოდა იმ ადგილისკენ, სადაც პიკნიკს აპირებდნენ, მიწის ტალღა, რომელსაც ქვები და ხეები მოჰქონდა. ამ წამიდან დაწყებული სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა გადარჩენისთვის მარიამისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
“ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - ამბობს მარიამი სანამ თავისი გადარჩენის ამბავს მოჰყვება. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიღო სტიქიამ იმ ადგილიდან, სადაც ის და მისი ოჯახის წევრები უბედურებას გაურბოდნენ, ყველაზე ცოტა, 5 ადამიანი.
“ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როცა პირველად დაგვარტყა ტალღამ: ჩემი მეუღლე დაუდგა ზურგით, ხელებში მოიქცია ბავშვი, მეც წინიდან დავუდექი და მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი აღსასრული. მორჩა! თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და ასე ვემშვიდობებოდით თითქოს ერთმანეთს. მაგრამ რაღაცნაირად, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო. ამ ტალღამ რომ დაგვარტყა, ერთი ან ორი წამი გავჩერდით, ერთმანეთს ვაკავებდით, მერე ორივე დაგვაგდო, მე ძალიან ცუდად მოვიყოლე ფეხი, მეგონა რომ დავკარგავდი ამ ფეხს - ამ ტალღიდან როგორღაც მოვახერხეთ ამოძრომა და ავცოცდით ცოტა შემაღლებულ ადგილას, რაც მეწყერს ჰქონდა გაკეთებული. შემდეგმა ტალღამ ამ ადგილიდან ნახევარ ნაბიჯზე ჩაგვიარა, მაგრამ აღარ დაურტყამს. აქედან დავიწყეთ 112-ში რეკვა. იქნებოდა ალბათ 4-ის ნახევარი.” - იხსენებს მარიამი.
მასთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად ეს გზა გაიარეს ასევე ჯელაძეების 10-კაციანმა ოჯახმა და მამა-შვილმა გიო და თომა ადამიებმა. ეს არიან ადამიანები, რომელთა ტალახში ამოგანგლული ფოტოები გავრცელდა 3 აგვისტოსვე.
“პირველმა ტალღამ მთლიანად წაიღო შოვი. შემდეგი ტალღები უბრალოდ მოდიოდა და მოდიოდა, უკვე აღარაფერი აღარ იყო, რაც ხვდებოდა წინ. ვიდექით და მდინარეს ვუყვიროდით, “გაიტანე”, “გაიტანე”. ვლოცულობდით მდინარეს გაეტანა ეს ტალახი, რომ ჩვენკენ აღარ წამოსულიყო. საითაც არ უნდა გაგეხედა, კილომეტრებზე ერთი და იგივე ლაფი იყო და ვეღარ ივლი ამდენს, როცა წასასვლელი არსად არის, ყველა ძალი და ღონე გამოცლილი გვქონდა", - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან სტიქიის შედეგად გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე.
0
0