09/04/2024
21:27
სამართალი
სამშენებლო კომპანია X2 დეველოპმენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კომპანია ემიჯნება ძალადობას და საზოგადოებას "დამატებით აცნობენ", რომ "ინციდენტს" წინ უსწრებდა სოფია მეფრიშვილის მიერ მათ თანამშრომელზე თავდასხმა.
9 აპრილს X2 დეველოპმენტის გენერალური დირექტორი, ვალერიან კირკიტაძე ქალ მომხმარებელზე, სოფია მეფარიშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
"დამატებით გაცნობებთ, რომ ინციდენტს წინ უსწრებდა სოფია მეფარიშვილის მიერ „X2“- ის თანამშრომელ გოგონაზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის გამო ჩვენს თანამშრომელს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და გამოძახებული იქნა სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი, შედგა ინციდენტის ამსახველი ოქმი და დაიწყო გამოძიება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოფია მეფარიშვილის მიერ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებებს და ჩვენი კომპანიის იმიჯის, რეპუტაციისა და ქონების შელახვას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხზე დროულად დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, რისთვისაც კომპანია “X2”-ის გუნდის ყველა წევრი მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან". - წერია სამშენებლო კომპანიის განცხადებაში.
8 აპრილს სოფია მეფარიშვილმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდო ძალადობა იყო ასახული. ვიდეო ახლა სოციალურ ქსელში აღარ იძებნება და სავარაუდოდ, ძალადობის კადრების გამო, ის TikTok-მა დაბლოკა. როგორც მეფარიშვილი წერს, ვიდეოს აღსადგენად საჩივარი უკვე დაწერა.
მეფარიშვილი ახლა საავადმყოფოში იმყოფება და TikTok-ზე გამოქვეყნებულ ე.წ. სთორიში წერს, რომ კირკიტაძისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს.
0
0