
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებს 26 ოქტომბრის ქართულის გაკვეთილი არასდროს დაავიწყდებათ. მათ მასწავლებელი არც მეტი, არც ნაკლები ინდიელი ბელადის როლში მოევლინათ. 17 წლიანი მასწავლებლობის გამოცდილების მქონე პედაგოგის, ზვიად ფიფიას მიზანი ერთი იყო – მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემა კიდევ უფრო გამომსახველად აეხსნა.
მასწავლებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილიდან ვიგებთ, რომ პედაგოგი გაკვეთილისთვის წინასწარ მოემზადა:
“თუ გავითვალისწინებთ, სად, (რომელ ოთახში) დგას ჩემი სამუშაო მაგიდა, ამ ფოტოს “დევნილი ბელადის ” სახელი უფრო მოუხდება.
მეხუთე კლასში გავდივართ “ბულერბიელ ბავშვებს”. ფოტოები და ფილმი შევარჩიე. დილით მივდივარ სკოლის ეზოში და ვხედავ, ყველგან ბუმბული ყრია. უცებ გამახსენდა, გაკვეთილზე სიტყვა “ინდიელობანა” უნდა ავხსნა. მოვბრუნდი და ბუმბულის შეგროვება დავიწყე. კი გაუკვირდათ მასწებს, ეს კაცი რას აკეთებს, რა ჯანდაბად უნდაო.
“ინდიელობანას” ხსენებაზე სახელდახელოდ მომზადებული ქუდი ამოვიღე ჩანთიდან. მოსწავლეების რეაქციაზე არაფერს დავწერ. ორშაბათს ტექსტს ვინც ყველაზე კარგად წაიკითხავს, ტომის ბელადი გახდება.
#ვერვარკარგადდაკარგფსიქიატრსვეძებ
პ.ს. ჩემმა მოსწავლემ, სახლში რომ მივალ, ინდაურებს უნდა დავაცალო ბუმბულიო და, სავარაუდოდ, ორშაბათს მშობლები მომადგებიან - წერს ზვიად ფიფია.
0
0