10/09/2022
14:08
პოლიტიკა
დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა.
როდესაც მას ვიხსნებთ, გვაგონდება მისი თავშეკავებულობა, სიმშვიდე, და მისი სტაბილური და მოსალოდნელი ხასიათი. ვიცით, რომ ელისაბედ II-ს ბრიტანეთის ყველაზე გრძელვადიანი მონარქის ტიტული ეკუთვნის. ვიცით, რომ მის ადგილი მისმა შვილმა ჩარლზმა დაიკავა.
თუმცა რა ვიცით დედოფლის, როგორც ერის მსახურისა და საჯარო მოხელის ცხოვრებაზე? რა დამსახურება მიუძღვის მას მსოფლიოს პოლიტიკური ისტორიის დღევანდელობაში? რით დაამახსოვრა დედოფალმა ელისაბედ II-მ ისტორიას თავი?
მეორე მსოფლიო ომი
დედოფალი ელისაბედ II-ის საერო ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ის მხოლოდ 14 წლის იყო. 1940 წლის 13 სექტემბერს, გერმანიის მიერ ბრიტანეთის ქალაქების დაბომბვის დაწყებიდან მალევე, სამეფო ოჯახის სახლზე, ბუკინგჰემის სასახლეზე 5 ბომბი ჩამოაგდეს. მეფე ჯორჯი და დედოფალი სასახლეში დარჩნენ. ელისაბედ II და მისი და, მარგარეტი, უინძორის სასახლეში, ლონდონიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის დაშორებით გადაიყვანეს. მარგარეტი და პატარა ელისაბედი მილიონობით იმ ბავშვთაგანი იყვნენ, ვინც ომის დროს სახლს მოაშორეს და უცხო ქალაქებში დააბინავეს.
მასიური მიგრაციების საპასუხოდ, ელისაბედმა BBC-ის პროგრამა „ბავშვების საათით“ პირველი ოფიციალური მიმართვა გააკეთა. მან თანატოლებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო „კეთილ ადამიანებს, ვინც თავიანთ სახლებში მიგიღეს,“ მადლობა გადაუხადა.
როგორც კი პრინცესა ელისაბედი 1844 წელს 18 წლის გახდა, ის ბრიტანეთის არმიის ქალების დანაყოფს, „დამხმარე ტერიტორიულ სამსახურს“ (ATS) შეუერთდა. პრინცესას არანაირი პრივილეგიით არ უსარგებლია, ამაში მეფე ჯორჯი დარწუნდა. ის მეორე ლეიტენანტის პოზიციიდან უმცროს მეთაურად დაწინაურდა. ამით პრინცესამ თავისი დამოკიდებულებები გამოხატა - თავმდაბლობა, პროგრესულობა, მოვალეობის გრძნობა, პატრიოტიზმი და შრომისმოყვარეობა. მან ქალებს სამხედრო სამსახურში ჩაბმისკენ უბიძგა. ასე მოიგო პრინცესამ ერის გული.
1945 წლის 8 მაისს, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილ ათასობით მოზეიმე ადამიანს შორის სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი პრინცესა ელისაბედი მშვიდობის ახალ დასაწყისს აღნიშნავდა.
"ერთა თანამეგობრობის“ ტრანსფორმაცია
ერთა თანამეგობრობა არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელშიც ყველა ის ქვეყანა შედის, რომელიც წინათ ბრიტანეთის იმპერიის კოლონია იყო. ორგანიზაცია 1931 წელს შეიქმნა, როცა თანდათან უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ბრიტანული იმპერიის აღსასრული გარდაუვალი იყო. ორგანიზაციის მიზანი ბრიტანეთსა და ბრიტანეთის კოლონიებს შორის თანამეგობრობის და ერთიანობის განვითარება იყო - დამოუკიდებლობის უსისხლოდ მოპოვების ერთგვარი გარანტია და თანამშრომლობის შეთავაზება.
ელისაბედ II-ის მეფობის დროს, თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების რაოდენობა 7-იდან 54-მდე, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედამდე გაიზარდა - ავსტრალიიდან ანტიგუამდე, კანადიდან კამერუნამდე.
დედოფალმა ელისაბედმა თანამეგობორობის ქვეყნებში მისი მეფობის მანძილზე 200-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.
დედოფლის სახელით განხორციელებულ ინიციატივებმა თანამეგობრობის ქვეყნები უკეთესობისკენ შეცვალეს. დედოფლის ბრილიანტის იუბილეზე, დედოფალმა 7 ქვეყანა სიბრმავისა და ტრაქომის დასამარცხებლად 26.6 მილიონი თვალის ანტიბიოტიკური მედიკამენტით მოამარაგა და 102 400 ოპერაცია დააფინანსა. 2015 წელს დედოფლის მიერ წამოწყებულ პროგრამაში ენდემური ხეების და ტყეების გადასარჩენად 45 ქვეყანა ჩაერთო.
რასობრივი სეგრეგაციის აღმოფხვრაში ელისაბედ II-ს დიდი წვლილი მიუძღვის. მაგალითად, 1994 წლამდე, სანამ სამხრეთ აფრიკამ აპარტეიდი, თეთრი უმცირესობის დომინაცია, არ დაასრულა, მას თანამეგობრობისგან ეკონომიკური სანქციები ჰქონდა დაკისრებული.
ელისაბედ II-მ ეს ორგანიზაცია იმდენად მნიშვნელოვანი გახადა, რომ 1977 წლიდან, ყოველი მარტის მეორე ორშაბათს თანამეგობრობის დღე აღინიშნება. მონარქი ამ დღეს 2.5 მილიარდ ადამიანს მიმართავდა და ერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა.
ელისაბედ II-ის ისტორიული ვიზიტი ირლანდიაში
ელისაბედ II 2011 წელს ირლანდიას ესტუმრა და გახდა პირველი ბრიტანეთის მონარქი 100 წლის განმავლობაში, ვინც ეს შეძლო.
დედოფალ ელისაბედამდე უკანასკნელი მონარქი ვინც ირლანდიის მიწაზე ფეხი დადგა, მისი ბაბუა, ჯორჯ V იყო. მაშინ ირლანდია ჯერ კიდევ გაერთიანებული სამეფოს წევრი იყო.
დედოფლის სტუმრობა მონუმენტური პოლიტიკური მოვლენა და დიდი დიპლომატიური ჟესტი იყო.
დუბლინის მოგონების პარკში, დედოფალმა ყვავილების გვირგვინით ირლანდიის თავისუფლებისთვის დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო - დააჯილდოვა ისინი, ვინც თავისი ქვეყნის მეომრებს ებრძოდნენ.
დედოფალ ელისაბედ II-ის დაუვიწყარი ვიზიტი დაძაბული საერთო წარსულის მქონე ერებს შორის მშვიდობიანი მომავლის იმედის გამოხატულება იყო.
მონარქიის ახლებური ხედვა
მონარქია წარსულია, ფიქრობს ბევრი. იმისათვის რომ ელისაბედ II მიეღო თავის ხალხს და მსოფლიოს, საჭირო იყო ახლებური ხედვა, მოდერნიზაცია. ამას დედოფალი კარგად ხვდებოდა. ის იყო ადამიანი ვინც ჟამთა სვლას ფეხი აუწყო და მონარქიის ავტორიტეტის შენარჩუნება შეძლო.
მონარქები აღმატებული არსებების იმიჯით სარგებლობდნენ და უბრალო ადამიანებს ზემოდან დაჰყურებდნენ. მონარქთან ყველაზე ახლოს მათი სასახლის აივნების ქვემოდან ცქერისას იქნებოდით. ელისაბედ II-მ ეს აღქმა შეცვალა, როცა 1970 წელს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ვიზიტისას მანქანით გადაადგილებაზე უარი თქვა და შეკრებილ ხალხთან მივიდა და პირადად მიესალმა.
ელისაბედ II-მ ხალხსა და მონარქებს შორის მკაცრი დისტანცია შეამცირა და აჩვენა ხალხს, რომ ის მათნაირი და არა მათზე მეტი იყო.
მის ასეთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ფეხი პრინცესა ანამ, ქეით მიდლტონმა და დანარჩენმა სამეფო ოჯახის წევრებმაც აუწყეს.
ქველმოქმედება
დედოფალი ელისაბედ II-მ თავი ადამიანებს თავისი ქველმოქმედებით დაამახსოვრა.
მან მეფობის მანძილზე 600-ზე მეტი ქველმოქმედება გაიღო.
იგი აფინსებდა ერთა თანამეგობრობას, „ჯარისკაცების ქველმოქმედებას“, „დედების კავშირს“, არაერთ რელიგიურ ფონდს, უმცირესობების მხრდასაჭერ ფონდებს, „ბრიტანულ დიაბეტის ასოციაციას“ და ა.შ.
2012 წელს, დედოფალმა თავისი 60 წლის თავზე, „საქველმოქმედო დახმარების ფონდის“ თანახმად, საქველმოქმედოდ 2.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
ელისაბედ II 70 წელზე მეტი იყო „დევონის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის“ და „სამეფო ეროვნული ინსიტუტი უსინათლოებისთვის“-ს მფარველი.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, სახელგანთქმული საქველმოქმედო ორგანიზაციები დედოფლის საქველმოქმედო წვლილს იგონებენ და გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიან.
“უნდა დამინახონ, რომ დამიჯერონ “, თქვა დედოფალმა ელისაბედ II-მ.
მსოფლიომ იგი დაინახა, დააფასა და დაიჯერა მისი.
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0