აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და CIA-ს ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება.
„ვფიქრობ, გასაგებია, რომ თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის გააგრძელებს აგრესიას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები შეეცადოს იმუშაოს საქართველოსთან მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ამბობს პანეტა.
როდესაც ჰკითხეს ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას, პანეტამ თქვა, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ის რჩება „სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც თავად განსაზღვრავს თავის ბედს“ და არ მისცემს ჩინეთს უფლებას განსაზღვროს თავისი მომავალი. აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველო „არ დაუშვებს“ ჩინეთის მასზე დომინირებას, იუწყება SOVA.
ლეონ პანეტა ასევე შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თემას და აშშ-სა და საქართველოს მომავალ სტრატეგიულ პარტნიორობას.
„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა მრავალი მიზეზის გამო. მაგრამ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის უნარი ისარგებლოს თავისუფლების სიკეთით“, - განაცხადა პანეტამ.
შეგახსენებთ, რომ ლეონ პანეტა არის აშშ-ის 23-ე თავდაცვის მდივანი (2011 წლის ივლისი - 2013 წლის თებერვალი). ამ პოსტზე ყოფნისას, 2012 წელს, პანეტა პირადად შეხვდა ავღანეთში სამშვიდობო მისიის ქართველ სამხედროებს და მადლობა გადაუხადა მათ თავდადებისა და სამსახურისთვის.
0
0