
"სერიოზულად თუ აღვიქვამთ ერთმანეთს და სასაცილოდ არ ავიგდებთ, არ დავამცირებთ, იქნებ უკეთესი ქვეყნის აშენება შევძლოთ“ - ასე გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე "ბატონების" რიტუალისთვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას.
„რატომ არის სასაცილო “ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება?
არსებობს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლის განმარტებაში მარტივად ჯდება ეს რიტუალი, ჩვენი ქვეყნის კანონი ასევე.
გამოცხადების შემდეგ ეს ტრადიცია მოექცევა დაცვის ფარგლებში, რაც გულისხმობ იმას, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შესწავლაზე, მოძიებაზე, შენახვაზე.
რიტუალი წარმართობის დროინდელია და დღემდე პრაქტიკული გამოყენება აქვს. ის ფასდაუდებელი წყაროა კულტურის, ანთროპოლოგიური, რელიგიის კვლევებისთვის. რატომ არის ეს არასერიოზული?
იმიტომ რომ “ბნელი ქართველი ხალხი” დღემდე კიდებს წითელ ფარდებს ოთახში, დღემდე უმღერიან ბავშვებს და დღემდე ცდილობენ მათზე განსაკუთრებულ ზრუნვას? კულტურული უპირატესობის გრძნობა გიჩნდებათ და ეგ გსიამოვნებთ?
უსაფუძვლოა ეგ გრძნობა. საჭიროა პატივი ვცეთ ადამიანთა შემოქმედებას, იმას, რომ ეს კონრეტული ჯგუფების იდენტობის ნაწილია. სერიოზულად თუ აღვიქვამთ ერთმანეთს და სასაცილოდ არ ავიგდებთ, არ დავამცირებთ იქნებ უკეთესი ქვეყნის აშენება შევძლოთ“, - წერს მენაბდე.
როგორც ცნობილია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთველის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.
0
0