15/03/2023
20:10
პოლიტიკა
ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მოხდება თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამისთვის საპარლამენტო პარტიებმა უნდა იმუშაონ ერთად, – ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატერინა მატერნოვამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან არის ის, რომ საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯების გადადგმა, რათა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი, არამედ საქმე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის და ამ შემთხვევაში, 12 პუნქტის შესასრულებლად გაერთიანების უნარს. მე ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მოხდება თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე. ამისთვის საპარლამენტო პარტიებმა უნდა იმუშაონ ერთად“, – აღნიშნა კატერინა მატერნოვამ.
ამასთან, კითხვაზე, რეკომენდაციებთან დაკავშირებით თუ ხედავს რაიმე პროგრესს, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისგან მოისმინა, რომ ინკლუზიური პროცესის ფარგლებში, მზად არიან, იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.
„ერთ-ერთი კარგი ელემენტი იყო ვენეციის კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ორ ძალიან მნიშვნელოვან მოსაზრებაზე რეაგირება, სასამართლო რეფორმასა და საზოგადოების დეოლიგარქიზაციაზე. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ არის მზადყოფნა, იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე და ეს გააკეთონ ინკლუზიური პროცესის ფარგლებში. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი კონსულტაციების ძალიან იმედისმომცემი დასასრული“, – განაცხადა კატერინა მატერნოვამ.
0
0