30/07/2023
09:42
პოლიტიკა
გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, რომ პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ნამდვილად ისტორიული ვიზიტია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ კონტექსტს, ჩვენ გარშემო შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და უკრაინაში წარმოებულ საშინელ სისხლისმღვრელ ომს, რომელსაც იქ პუტინი აწარმოებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული სახის თანამშრომლობას და გამჭვირვალე ურთიერთობას ყველა ესწრაფვის და ბოლო ორი თვის დინამიკას თუ დავაკვირდებით, ამ ქვეყანაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, უმაღლესი დონის ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის, აშშ-დან და ევროპიდან.
„ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი და ყველას ხილულად ვესაუბრებით განზრახვებზე. აქაც, მე მგონი, ცოტა სხვა კუთხიდან აღმოაჩინეს დღევანდელი საქართველო და დღევანდელი ხელისუფლება, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა. ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, ყველა განზრახვა დევს მაგიდაზე, რას ვაპირებთ და არაფერს გულში არ ვიტოვებთ. პირდაპირ ვამბობთ, გინდათ ჩვენთან მეგობრობა და თანამშრომლობა? ჩვენ ასეთები ვართ, როგორებიც ვართ და მოდით, ვითანამშრომლოთ; გარწმუნებთ, ამ რეგიონში ბევრად უკეთესები ვართ ბევრზე, შემიძლია, ეს თავმომწონედ ვთქვა. ვართ ლიდერები უამრავ რამეში“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, იმეგობროს ყველასთან, ვისაც ჩვენთან მეგობრობა უნდა და არა სულში ხელის ფათური.
„პირდაპირ გეუბნებით, ვისაც ჩვენს სულში ხელის ფათური უნდა, აქედან არაფერი არ გამოვა. ეს არ არის ის ხელისუფლება. ის იყო სააკაშვილის ხელისუფლება, იმის გულ-ღვიძლში შეეძლო ვიღაცას ხელის ფათური და ამიტომაც იყო მაშინ საქმე „კარგად“. საქართველო ის არ არის, რაც 15 წლის წინ იყო და ამას თუ მიხვდებიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, ყველასთვის კარგი იქნება, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება საუკეთესო. ჩვენ გვინდა, აქ ცივილიზაციების გასაყარი კი არ იყოს, არამედ შეერთება. მესმის, რომ უამრავი ქვეყნის ინტერესია გადაჯაჭვული კავკასიაში და საქართველოში, მით უმეტეს, უკრაინის უბედურებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლის სადარაჯოზეც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ. ამიტომ ამ გადასახედიდან ჩვენ ხელს გავუწვდით ყველას – ჩინეთს, ევროპას, აშშ-ს და ნებისმიერ მეგობარ თუ პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
0
0