02/06/2023
23:42
პოლიტიკა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ერთადერთი შანსი ახლა არის ის, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ მოიგოს.
როგორც ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" სურვილია, რომ პარტიის ამომრჩევლების ხმები მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გარშემო მობილიზდეს.
„ვფიქრობ, რომ მიხელ სააკაშვილი, საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით, გააქტიურდა. მისი და ნაციონალური მოძრაობის სურვილია, რომ ხმების მობილიზაცია სააკაშვილის ფაქტორით შეძლონ. მე სააკაშვილს გამოჯანმრთელებას და პოლიტიკურ ბრძოლას ვუსურვებდი. ალბათ, თავიდანვე ასე უნდა ექნა. მისი თავისუფლების ერთადერთი შანსი ახლა არის ის, რომ 2024 წელს არჩევნები ოპოზიციამ მოიგოს და ამის შემდეგ მას ბიძინა ივანიშვილისგან დაიხსნიან. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას სხვადასხვა ეტაპი აქვს. ვფიქრობ, პირველივე დღიდანვე მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი შეცდომა იყო. ამან საქართველოს მოქალაქეებს გადაჭარბების შთაბეჭდილებაც შეუქმნა. 2024-ის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს, მე ამის სურვილი მაქვს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას ახლა „ქართული ოცნების" დამარცხების შანსი არ აქვს და მისი მთავარიო პრობლემა არის ის, რომ დეზინფორმაციას სათანადოდ ვერ უპირისპირდება.
„ოპოზიციას ახლა არავითარი შანსი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება" დაამარცხოს. ყველა პარტიას თავისი შეცდომები აქვს, მაგრამ ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ პროპაგანდას ვერ დავუპირისპირდით ისე, როგორც უნდა დავპირისპირებოდით. საინფორმაციო ომი ვერ მოვიგეთ. ერთადერთი წარმატება რაც იყო ოპოზიციის, ეს იყო რუსული კანონის შემთხვევა. მაშინ ხალხმა მყისიერი საფრთხე დაინახა, მაგრამ ფრენების შემთხვევაში იგივე არ მოხდა. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" პროპაგანდა დამძიმდება. ისაუბრებენ იმაზე, რომ თითქოს რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს თუ მასთან „ვითამაშებთ". ამის წინააღმდეგ ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს. იმუშაონ თავიანთ ამომრჩევლებთან და ასევე, 2 ან 3 პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
0
0