03/08/2023
14:22
პოლიტიკა
მივესალმებით ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში - იცით რა, რეგვენი ყველგან არის, მათ შორის შეიძლება რუსებშიც, ქართველებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლა და იქ განვითარებული მოვლენები შეაფასა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის რაც ბათუმში მოხდა ფარისევლობა იყო.
„ერთი რამ ცხადია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული რამდენიმეკაციანი აქცია. შეგიძლიათ ინდივიდუალურად ნახოთ, იქ მყოფი ადამიანები, მათი წარსული, აწმყო, დღეს რას საქმიანობენ, ვინ არიან. რეგიონში არ დატოვეს არცერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვინც ბათუმში არ ჩაიყვანეს.
რაც შეეხება ტურისტების შემოსვლას, მე დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში. ეს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ბოლო წლებში, ტურიზმის მიმართულება იზრდება ქვეყანაში და ხელი უნდა შევუწყოთ გაძლიერებაში.
იცით რა, რეგვენი ყველგან არის, მათ შორის შეიძლება რუსებშიც, შეიძლება ქართველებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანში.
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს იყო ფარისევლობა. ის ადამიანები, ვინც დღეს ამას გვიპროტესტებენ, 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე დღეში ოფიციალურ წერილებს აგზავნიდნენ, რომ ურთიერთობები დაეთბოთ, რუსი ტურისტები ჩამოსულიყვნენ, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა ტურისტებს, მიესალმებოდა, თუნდაც მერაბიშვილის განცხადება: „რუსულ ფულს სუნი არ ასდის“, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა. ამას ხომ არ ვიგონებ, ეს ყველაფერი ხომ რეალობაში იყო? როდესაც ქვეყანას თავს დაატყდა უდიდესი უბედურება ომის სახით, რამდენიმე დღეში მისაღები იყო ტურისტების შემოსვლა და რა ხდება დღეს?!
გახსოვთ, შემთხვევა როდესაც სააკაშვილი ლარსზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. რომელიმე ჟურნალისტი მისულიყო და ტურისტებისთვის იგივე კითხვა დაესვა. საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ამას არ უნდა შევუშალოთ ხელი. ამით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის უბრალო მოქალაქე. ვიღაც კაფეს აკეთებს, ვიღაც რესტორანს ხსნის, ვიღაც უამრავ ადამიანს ასაქმებს“,- აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, თანხვედრაშია თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას და „ქართული ოცნების“ განცხადებები, კალაძემ აღნიშნა: „რა ემთხვევა?! რაში მაინტერესებს ზახაროვა, ეგ თქვენ გაინტერესებთ და თქვენ გყავდეთ მარიანა ზახაროვა“.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას "რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს."
0
0