-share.jpg)
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ახალ ქართულ მხატვრულ ფილმს - “იარე ლიზას” გამოეხმაურა და დაწერა:
"როგორც დაგპირდით, ვნახე იარე ლიზა და ვწერ შთაბეჭდილებებს.
ფილმის მხატვრულ მხარეს არ ვეხები - არ ვარ კინოკრიტიკოსი და მათ მივანდობ, ასე მირჩევნია.
ასევე ვიმეორებ, რომ ნებისმიერ ლია ტოკლიკიშვილს შეუძლია აიღოს და თავისი ავტობიოგრაფიული დრამა ისე გადაიღოს, ან აღწეროს, როგორც გაუხარდება - ეს მისი უფლებაა.მაგრამ რაც შეეხება ფილმის პოლიტიკურ განზომილებას - ეს არის კატასტროფა.
ეს არ არის ერთი ადამიანის ისტორია, ან ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც თავის აღქმას გიყვება და სივრცეს ტოვებს, მაყურებელმა ეს აღქმა ამ ადამიანს დაუტოვოს.ეს არის განზოგადებაზე პრეტენზიის მქონე ნამუშევარი.
პირველ რიგში - ეს არის ფილმი ეთნოსებზე (რაც უკვე პრობლემატურს ხდის ჩემთვის ფილმს, იმიტომ რომ ეთნიკური წარმომავლობა არ მიმაჩნია პასუხისმგებლობის განმსაზღვრელად).
ეთნიკურად ქართველი დევნილები ფილმში წარმოდგენილნი არიან მჩხავანა, სიძულვილით აღსავსე ადამიანებად, რომლებსაც ღირსება არ გააჩნიათ (თოქშოუს ეპიზოდი).
ეთნიკურად ქართველი მებრძოლები ფილმში წარმოჩენილნი არიან ნარკომანებად, რომლებიც აფხაზებს ძარცვავდნენ - არანაირ სივრცეს არ ტოვებს ფილმი, რომ რომელიმე ქართველი მებრძოლი ღირსეულ ადამიანად წარმოიდგინო...
ნიშანდობლივია, რომ ფილმი 90-იანების ომსაც ადებს რუსულ/ქოცურ ნარატივს 2008 წლის ომის შესახებ - „პროვოკაციას წამოვეგეთ, მშვიდობიანი მოსახლეობა მტერს მივუგდეთ...“ფილმი ცდილობს აჩვენოს, რომ ის რაც ქართველებს თავს დაატყდათ იყო „საზღაური“ ქართველების ბოროტებაზე (ჭუბერის უღელტეხილი საზღაურის გზა ყოფილა - ქართველებმა ზღვეს, რაც დააშავეს, ახალდაბა აძიუბჟას სამაგიერო ყოფილა).
ფილმი შეურაცხყოფას აყენებს აფხაზებსაც - მათ წამოაჩენს ეგზოტიკურ ცხოველებად, რომლებსაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ არაფერზე, რაც აფხაზეთში მოხდა, ან ხდება.
ფილმის მორალი: ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.ანუ ახლა, როდესაც გალში ეთნიკური ქართველები სრული დისკრიმინაციის, დამცირების, იძულებითი გარუსების რეჟიმში ცხოვრობენ;
ახლა, როდესაც აფხაზეთს მართავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს უჭერს მხარს...
ქართველებმა(ც) ბოდიში უნდა მოვიხადოთ - კიდევ ვინ უნდა მოიხადოს, და "ც" რა შუაშია არ ვიცი.
და რაც მთავარია - ფილმს აქვს პრეტენზია, რომ „გადაიაზროს“ კონფლიქტი და „ახალი სიტყვა“ თქვას.
რეალურად, ეს არის 30 წლის წინანდელი სიტყვა - „ყველას თავისი სიმართლე აქვს“ - ანუ სიმართლე არ არსებობს და ყველაფერი მოსულა. რუსული პროპაგანდაც მხოლოდ ამას ცდილობს - რუსული პროპაგანდა არ ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი მართლად. რუსული პროპაგანდის ამოცანააა გვაჩვენოს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს - ანუ სიმართლე არ არსებობს და რეალურად ყველა მტყუანია.
რუსული პროპაგანდის სამსახურში დგას ნანა ჯანელიძის და ლია ტოკლიკიშვილის ფილმიც.
„ყველას თავისი სიმართლე აქვს, ქართველებს მეტი მოგვეთხოვება, აფხაზები ეგზოტიკური ვაჟკაცები არიან“ ... კოლონიზატორი ერის თვითგვემა შემოგვეტენა, როდესაც არასოდეს კოლონიზატორები არ ვყოფილვართ.
ლია ტოკლიკიშვილი არ ვიცი, მაგრამ მე ვთვლი რომ ასეთ შეცდომებს ნანა ჯანელიძის მსგავსი ხალხი იმიტომ უშვებს, რომ რუსეთის როლი აფხაზეთში მომხდარში არ შეფასებულა (არ მოგვცემია აქამდე ამის შესაძლებლობა გეოპოლიტიკური ვითარების გამო).დღეს, ეს შესაძლებლობა უკრაინამ გახსნა და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ.
ამიტომ ყველას გთხოვთ მოხვიდეთ 27 სექტმბერს, 20:00 საათზე რუსთაველზე.
ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება წარმოგიდგენთ ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებს და იმ რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებიც ქართველების გენოციდს ხელმძღვანელობდნენ.
ნაცისტური გერმანია რომ არ შეფასებულიყო, ალბათ იქაც გადაიღებდნენ ფილმებს, სადაც ჩეხოსლოვაკიას სუდეტელი გერმანელების დევნაში ისე ამხელდნენ, ჰიტლერი და ნაცისტური გერმანია კონტექსტის ნაწილიც არ იქნებოდა - ან იქნებოდა, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით.
დრეზდენის დაბომბვასა და ჰოლოკოსტს შორის ტოლობის ნიშნის დასმის მცდელობაა ნანა ჯანელიძის ფილმი - ისტორიულ პარალელს თუ მოვიშველიებ, აღსაწერად." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025