
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ოთარ ფარცხალაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და გუშინ სუს-ის უფროსმა მუხლიც დაასახელა.
"ეს ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია – ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე და მოქმედებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში. ჩვენმა სახელმწიფომ მიმართა აშშ-ს სამ სხვადასხვა უწყებას. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით. როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის, საჯაროდაც, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს და იქით იკითხეს რაიმე ინფორმაცია ხომ არა აქვს შემთხვევით საქართველოს.
აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთი. მეორე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ვგულისხმობ, მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც კი არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი…
რა თქმა უნდა, როდესაც ბრალი არაა აქვს წაყენებული ადამიანს [ფარცხალაძეს], მას ვერ შეუზღუდავ ვერანაირად გადაადგილებას”. - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, რასაც პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. თავდაპირველად სებ-ი სამმა ვიცეპრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა. მოგვიანებით, ეროვნული ბანკიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა.
0
0