საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (112), მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„გაცნობებთ, რომ 23-26 დეკემბერს, საქართველოს უმეტეს რეგიონებში, ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – ნათქვამია 122-ის შეტყობინებებში.
23 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ამის შესახებ სინოპტიკოსები აცხადებენ.
მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში ზოგ რეგიონში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი შტორმი.
„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწყება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების შემოსვლა და გავრცელება, რომლის მოძრაობაც 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, ამიტომ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ზოგან ძლიერი ქარბუქი გაძლიერდება, დასავლეთის მიმართულების ქარი. გამორიცხული არ არის, ზღვაზე შტორმი იყოს.
ყინვა 27 დეკემბერს გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 23-24 დეკემბერს ღამით +3,+5 გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში 0-დან -2 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი -6, -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში 24 დეკემბერს 0° გრადუსი იქნება. ყინვის გაძლიერება მოსალოდნელია 25 დეკემბრის ღამის საათებში. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში -7, -2 გრადუსი იქნება.
თბილისში, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება.
დედაქალაქში 25 დეკემბრის ღამეს 0° გრადუსი იქნება, 26-27 დეკემბერს კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიკლებს“, – ამბობს დოდო გვაზავა.
0
0