"...The Drag Ball: All Stars ბრუნდება, უფრო დიდი, უფრო თავბრუდამხვევი, უფრო დაუვიწყარი, ვიდრე ოდესმე. ჩვენი ვარსკვლავები ერთმანეთს დრეგ ოლიმპიადაში გამოიწვევენ... All Star-ს გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში... ორი დღეა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
ბევრი იმასაც კი წერდა, რომ ქართული სცენის დედოფალს, ნანი ბრეგვაძეს, ყველა ორდენი უნდა ჩამოერთვას... საკითხს თვით კულტურის მინისტრის მრჩეველი - იოსებ ჭუმბურიძე გამოეხმაურა და მკაცრად ითხოვა, რომ ყველა შეჩერდეს, რადგან ნანი ბრეგვაძე საქართველოსთვის იგივეა, რაც საფრანგეთისთვის - ედიტ პიაფი...
თემაზე კომენტარი გააკეთა მომღერალმა ირმა სოხაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც გახდა თავდასხმის ობიექტი...
"არაფერი ვიცოდი, მაგრამ წარმომიდგენია, რაც ხდება... ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ნუ ვიქნებით ჰომოფობები, მათ კონცერტზე მონაწილეობაც ჩვეულებრივი ამბავია! ანუ, რა უნდა ვქნათ? - კეთროვანებივით მოვიკვეთოთ, არ დაველაპარაკოთ და ვეძახოთ, თქვენ გვერდში არასოდეს დავდგებით-თქო?!
შემოთავაზება რომ ყოფილიყო, უპრობლემოდ დათანხმდებოდი. აბა, მაგ ნიშნით უარს ვიტყოდი? თუ დრო არ მექნებოდა და ვერ მივიდოდი, ეს სულ სხვა რამეა, ასე ძალიან ბევრ კონცერტზე მომიხდა უარის თქმა... ის, რომ მაგათთან როგორ მივალ, მათ გვერდზე როგორ დავდგებიო, ეს საერთოდ რას ნიშნავს? რა დაყოფაა, რას მოასწავებს ეს ყველაფერი?! ყველაზე საშინელი ის არის, ადამიანები სიკეთით და ღვთისნიერების სახელით რომ ლაპარაკობენ, თურმე განსხვავებულები რომ უნდა ვცემოთ, გავაგდოთ, ჩავქოლოთ, გვერდით არ დავდგეთ და არ დაველაპარაკოთ... ახლა მეც გადმომწვდებიან და იტყვიან, ეს როგორ საუბრობსო, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის მიუღებელია ჯვრებით და ტაბურეტებით ვინმეს ჩაქოლვა!" - ამბობს სოხაძე და დასძენს:
“ნანი ბრეგვაძე ძალიან მიყვარს, მისი ყველაფერი მომწონს, რაც დღემდე გაუკეთებია და რასაც მომავალში გააკეთებს, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანია!…”
წყარო: “კვირის პალიტრა”
0
0