მოსკოვის ოლქში, “კროკუს სითი ჰოლში” თავდასხმის საქმის ორ ფიგურანტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ რუსული მედია სასამართლოდან იუწყება, სადაც დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს. ასევე გავრცელდა დაკავებულების პირველი კადრები სასამართლოდან.
მათ ბრალი ედებათ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ტერაქტის განხორციელებაში, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მესამე ნაწილის მეექვსე პუნქტი). აღნიშნული მუხლი უმაღლეს ზომად სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების შესახებ გამოიძების შუამდგომლობას განიხილავს.
“კროკუს სითი ჰოლში" შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს, ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი, 152 კი დაშავდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ოთხი ტერაქტის უშუალო შემსრულებელი. თუმცა, მოგვიანებით მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ორი ეჭვმიტანილი დაკავებისას მოკლეს.
24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.
0
0