21/08/2024
15:56
საზოგადოება
პროტესტის 41-ე და შიმშილობის მე-9 დღეს “ევოლუშენ ჯორჯიას” ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა – ბიჭმა, რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც თვე-ნახევრიანი ბრძოლის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა დათმობაზე არ წავიდა.
პროტესტის ავანგარდში მყოფი ახალგაზრდების ნაწილმა შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა და ამ დროისთვის 4 ადამიანი შიმშილობს.
კომპანიის ადმინისტრაციის მიერ უყურადღებოდ დარჩენილი მოქალაქეები შაბათს, 24 აგვისტოს, შენობის შესასვლელების ბლოკირებას აანონსებენ, რათა კომპანიამ მუშაობა ვერ შეძლოს.
რამდენიმე საათია გაფიცვას ჰყავს პირამოკერილი ადამიანი. მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა. არც ყოფილა მზაობა კომპანიის მხრიდან იმისა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები და შემათანხმებელი პროცედურები. შაბლონურად ერთი განცხადებით შემოიფარგლენ და მოგვიწოდებენ, თავი შევიკავოთ სხვისი და საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებისაგან. ისიც დაწერეს, რომ აზრი არ აქვს, ჩვენს პოზიციას მაინც არ შევიცვლითო”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.
0
0