
გარდაიცვალა არქეოლოგი ზურაბ ბრაგვაძე, სამწუხარო ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს:
“კავკასიის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული, უდიდესი ღვაწლის მქონე პროფესორის, ცნობილი არქეოლოგის, ისტორიკოსის ზურაბ ბრაგვაძის გარდაცვალების გამო
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თითოეულ მის ყოფილ თუ მოქმედ სტუდენტს, რადგან ზურაბი არა მხოლოდ კარგი პროფესიონალი, არამედ კარგი ადამიანი და მეგობარი იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც ოდესმე კვეთა ჰქონია
ზურაბ ბრაგვაძე კავკასიის უნივერსიტეტში 2011 წლიდან ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის სფეროში ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. მათ შორის არის 4 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო
ზურაბი ძალიან დაგვაკლდება ჩვენ – კავკასიის უნივერსიტეტს, სტუდენტებს, მის ოჯახს და რაც მთავარია ქვეყანას და მომავალ თაობებს. კეთილი იყოს მისი გზა იმიერ ცხოვრებაში” – წერს კავკასიის უნივერსიტეტი.
“დიდებული კაცი იყო ზურაბ ბრაგვაძე…90 იანი წლებიდან ჩვენი სოფლის და ჩვენი დიდი მეგობარი რომელმაც დღის სინათლე ანახა ძევრის უმდიდრეს არქეოლოგიურ არტეფაქტებს…საქართველომ ბრწყინვალე ისტორიკოსი და არქეოლოგი დაკარგა ჩვენ კი საუკეთესო მეგობარი…წარმოუდგენელია ზურაზე წარსულში ილაპარაკო…დიდებული კაცი იყო ზურაბ ბრაგვაძე…”
2021 წელს გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ ბრაგვაძის მონოგრაფია „კოლხეთი და იბერია-არქეოლოგიური ძიებანი“.წიგნში თავმოყრილია ისეთი საკითხები, როგორებიცაა, კოლხეთისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობა, კოლხეთის სამეფოს კავშირები აქემენიდურ ირანთან, კოლხეთის სამეფოს სოციალური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები, კოლხეთისა და იბერიის სამეფოები რომის გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში, იბერიის პიტიახშების გენეზისის პრობლემა და სხვ.დამატების სახით წიგნში შესულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ტაბახმელის ბრძოლების ამსახველი სანგრის არქეოლოგიური კვლევა. მონოგრაფიაში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლები შესწავლილია ავტორის უშუალო მონაწილეობით. მონოგრაფია გამოსცა გამომცემლობამ „არტანუჯი“.
0
0