ბაღდათის მერის, კახა ენუქიძის განცხადებით, სოფელ ნერგეეთში მეწყერის საშიშროების შესახებ დასკვნა არ არსებობს.
“მხოლოდ ერთი განცხადება იყო შემოსული და ეს სახლი დღესაც დგას ხელუხლებელი, ეს ოჯახი ითხოვდა დახმარებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთის მწვერვალიდან ხანდახან ჩამოედინებოდა ქვის ნატეხები, ჩვენ მყისიერად ჩამოვიყვანეთ აქ გეოლოგები. მათ მოგვცეს მითითება, რომ სახლის უკან გაგვეკეთებინა დამცავი კედელი, სხვა რაიმე დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი იყო მეწყერსაშიში ან ვინმე ექვემდებარება გასახლებას აღნიშნული ტერიტორიიდან, ასეთ დასკვნას თქვენ ვერსად ვერ ნახავთ”, – ამბობს ბაღდათის მერი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველი საათისთვის ჩამოწვა. მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა 1 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 9 ადამიანი კი სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა, მათ შორის არიან არასრულწლოვანები. 9-ვე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნერგეეთში მეწყერი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ჯერ კიდევ 2023 წელს იყო პროგნოზირებული.
0
0