15/04/2023
12:16
ბადაგონი
ღვინის კომპანია “ბადაგონი” ევროპის ბაზრის გაყიდვების წილს 35%-მდე ზრდის - ამის შესახებ “ბადაგონის” დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ “საქმიან დილაში” განაცხადა.
როგორც გოგი სალაყაია ამბობს, “ბადაგონი” წარმოდგენილია ევროპის 14 ქვეყანაში. გასულ წელს გაყიდვების წილი 27% იყო. წელს კი, კომპანია უკვე გაფორმებული და დაკონტრაქტებული გაყიდვების რაოდენობით, ამ წილს 35%-მდე გაზრდის.
„ძალიან საინტერესოა ევროპის ბაზარი, თითქმის 100%-იანი ზრდა გვქონდა. კერძოდ, პოლონეთის ბაზარზე. რაც შეეხება გერმანიის ბაზარს, აქაც, დაახლოებით, 13%-იანი ზრდა იყო, რაც ძალიან გვახარებს. გერმანიაში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ლოჯისტიკური ბაზა, საიდანაც ხდება მთელ ევროპაში ღვინოების განაწილება“,- აღნიშნა სალაყაიამ.
ამასთან, „ბადაგონის“ დამფუძნებლის თქმით, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მარკეტინგული ღონისძიებები, რამაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
„ვფიქრობთ, რომ ერთ დღეში არ დაბადებულა ეს ბაზარი, აქ ხელი შეგვიწყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა. კერძოდ, გამოფენებში ჩვენმა მონაწილეობამ. პანდემიის შემდეგ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა იყო დუსელდორფში, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყვნენ ჩასულები. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენი ღვინო, კიდევ უფრო კარგად გაიცნეს. ამას გარდა, ქართული ღვინის ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომელიც არის განთავსებული მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში, ძალიან დიდ მარკეტინგულ დატვირთვას იღებს თავის თავზე, რაც გვეხმარება სხვა ბაზრებზე შესვლაში. ვფიქრობთ, ეს ბაზარი ორციფრიან ნიშნულს მიუახლოვდება და მუდამ მზარდი იქნება“,- აღნიშნა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა.
0
0