01/04/2024
20:56
მსოფლიო
ხელოვნური ინტელექტის სამიტზე (Great AI Debate) ილონ მასკმა შესაბამის რისკებზე ისაუბრა. ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტი რისკის ფასად ღირს.
“ვფიქრობ, არსებობს გარკვეული შანსი, რომ ამან კაცობრიობის აღსასრულამდეც მიგვიყვანოს. ალბათ, ამის შანსები 10-დან 20%-მდეა და მე ამაში ჯოფრი ჰინტონს ვეთანხმები. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ პოზიტიური სცენარი ნეგატიურზე უფრო მნიშვნელოვანია”, — თქვა მასკმა.
რომან იამპოლსკიმ, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების მკვლევარმა, Business Insider-ს განუცხადა, რომ მასკი მართალია, როდესაც ის ხელოვნური ინტელექტის ეგზისტენციალურ საფრთხეებზე საუბრობს. მიუხედავად ამისა, იამპოლსკის აზრით, მასკი ამ მხრივ რისკებს ბოლომდე ვერ აანალიზებს.
“ამის შანსები ბევრად უფრო მაღალია”, — თქვა იამპოლსკიმ.
იამპოლსკის აზრით, სცენარის ცუდად განვითარების შანსები 99.999999%-ია.
იამპოლსკის მიაჩნია, რომ ასეთი განვითარებული ხელოვნური ინტელექტის კონტროლს ვერ შევძლებთ. შესაბამისად, ცუდი სცენარისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება უბრალოდ ზეგანვითარებული ხელოვნური ინტელექტის არ შექმნაა.
მასკს ბევრჯერ უთქვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულაცია საჭიროა. მიუხედავად ამისა, მან გასულ წელს ახალი კომპანია xAI დააარსა. xAI ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე კომპანიაა, რომელიც OpenAI-ის კონკურენტია.
სამიტზე მასკმა ისიც აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ ინტელექტს საბოლოოდ გადაასწრებს. მიუხედავად იმისა, რომ მასკი თავადაა ჩართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, ის მაინც ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა კაცობრიობას საფრთხე დაემუქრება.
0
0