22/08/2024
15:06
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა ისტერიკა აწიონ, ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინონ, შეუქმნან განცდა, რომ საჭიროა ყველა მოვიდეს, რათა მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა. სინამდვილეში კი მიიღონ ის მინიმალური მაინც, რაც შეიძლება მიიღონ მეტ ნაკლებად ლეგიტიმური ფორმით - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გასვლით შეკრებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
როგორც მან აღნიშნა, როცა ჯარში საყოველთაო მობილიზაცია ცხადდება, ყველა მაინც არ მიდის, ვიღაცები გარბიან, ვიღაცები იმალებიან, მაგრამ სამაგიეროდ საყოველთაო მობილიზაცია უფრო მეტ ადამიანს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი მობილიზაცია. სწორედ ამას აკეთებს „ქართული ოცნებაც“.
მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემის გარეშე, „ქართულ ოცნებას“ 48%-ის აღებაც გაუჭირდება.
„გავიხსენოთ რომ არ არის მაჟორიტარული სისტემა, წინა 48% შეავსეს შემდეგ მაჟორიტარებით და უმრავლესობა მიიღეს პარლამენტში. ახლა ვერ მიიღებენ. ახლა 48%-იც კი უკვე სათუოა, მაჟორიტარები თუ არ ეყოლებათ. ამიტომ ღრმა კრიზისში არიან. ამას ემატება ელექტრონული არჩევნები. ანუ მონაცემებით მათ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე 40% და ეს შეშფოთების საგანია. მათი გათვლა არაა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. ისინი საშინელ თემებს იმიტომ აგდებენ, რომ საზოგადოება შეაშინონ. მათი მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, როგორმე ის მიიღონ რაც დღეს აქვთ, რომ მთავრობა, ბიუჯეტი დაამტკიცონ და კანონები მიიღონ.
რაც შეეხება ამ გამოსვლის ფორმატსა და უსაფრთხოების ზომებს, ეს არის შემაშფოთებელი სიურრეალიზმი, გამაოგნებელი, წარმოუდგენელი სპექტაკლი იყო. ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისთანაც გამოდის. ვინც ხმას არ აძლევს ხომ მტრებად მიიჩნევს. ის არ ენდობიან არამარტო მათ, ვინც მას გარანტირებულად ხმას არ მისცემს, თავის ხალხს ვინც ხმას აძლევს, მითუმეტეს შერჩეულს ადამიანებს ვინც იქ მიიყვანეს, მათაც არ ენდობა. მეტიც, ის არ ენდობა იმ ხალხს, ვინც სცენაზე იყო, კალაძეს, ღარიბაშვილს. მხოლოდ კობახიძეს ჩამოართვა ხელი. აკვარიუმში ყოფნა რაღაცა ფსიქოანალიზის თემა უფროა, ვიდრე პოლიტიკის ანალიზის თემა. გამაოგნებელი იყო ასეთი უნდობლობა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც თვითონ ემსახურება და რომლის გარანტორიც თვითონაა. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს მხოლოდ თავის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. არც კობახიძეზე, არც არავისზე, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მაინც გახდა კობახიძის მძევალი. ერთმანეთის მძევლები არიან. კობახიძე ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას ივანიშვილის გარეშე და პირიქით. მხოლოდ კობახიძეა ფიგურა მისთვის. ეს ორი ადამიანი დამეგობრდნენ და პრაქტიკულად, ისინი ერთმანეთის გაძლიერებითა და შიშით, გატანით აპირებენ მართონ სახელმწიფო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
0
0