12/09/2022
12:59
მსოფლიო
ტუნისის სანაპიროზე გემის ჩაძირვისას, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 12 კი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სფაქსის რეგიონიდან მომავალი გემი 65 კმ-ზე ჩაიძირა ჩებასთან, მაჰდიასთან ახლოს. სფაქსის მიმდებარე სანაპირო ზოლი მთავარ გასასვლელ პუნქტად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროპაში ჩასვლის იმედით, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას ცდილობენ. იტალიის კუნძული ლამპედუზა ტუნისისა და სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის მდებარეობს და ის ხშირად არის დანიშნულების ადგილი მათთვის, ვინც ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობს.
მანამდე კი, ტუნისის სანაპირო დაცვამ 14 ადამიანი გადაარჩინა - იტალიისკენ მიმავალ გემზე, რომელიც სამშაბათს (6 სექტემბერს) ჩაიძირა, 37 მიგრანტი იმყოფებოდა. საინფორმაციო სააგენტო TAP-ის ცნობით, შაბათს ღამით კიდევ ხუთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
გაეროს მიგრაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს, ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 1000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. 1033 მიგრანტიდან, რომლებიც დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება, 960 დაიხრჩო.
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის მარშრუტით 52 000 „არალეგალური შესვლა დაფიქსირდა“; მიგრანტები ძირითადად ტუნისიდან, ეგვიპტიდან და ბანგლადეშიდან იყვნენ.
0
0