24/01/2024
11:23
კულტურა
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - "ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.
ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - "ირემი“ - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო.
საექსპერტო დასკვნის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საექსპერტო ლაბორატორიის პარტნიორი, თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე, მხატვრები, მათი ოჯახის წევრები, გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა მოქალაქე ლაშა შენგელიამ და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი "ირემი“, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: "ნიკო ფიროსმანაშვ...“
ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია.
"საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ - სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას. კომპლექსური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მათი შედარება ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ორიგინალების კვლევის შედეგებთან, ასევე - სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, ლაბორატორიის ესპანელი ექსპერტის, ენრიკე პარას პროფესიონალური კონსულტაცია და მისი აქტიური მონაწილეობა კვლევით პროცესში ადასტურებს, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრის - "ირმის“ ავტორია ნიკო ფიროსმანაშვილი. ნამუშევრის კვლევისას ასევე ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის რამდენიმე ნამუშევრის კომპლექსური კვლევა შედეგების შესადარებლად; შესწავლილია შესაბამისი ლიტერატურული წყაროები; ნამუშევრის ფერწერული ფენის ზედაპირს ჩაუტარდა კვლევა სტერეომიკროსკოპით და მოხდა ცალკეული ფრაგმენტების ფოტოფიქსაცია; გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ფოტოგადაღების მეთოდი: ხილვადი რეჟიმით საერთო ხედისა და ფრაგმენტების მაკროფოტოგადაღება, ულტრაიისფერი დასხივებით და ინფრაწითელი კამერით გადაღება, რენტგენოგრაფირება და მიღებული მონაცემების შედარება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების არსებულ რენტგენოგრამებთან; ნამუშევრიდან აიღეს ნიმუშები და მოამზადეს ისინი საკვლევად. ნიმუშების კვლევა ჩატარდა რამანის ოპტიკური მიკროსკოპით, ლუმოსის ინფრაწითელი სპექტროსკოპით; ასევე, ჩატარდა ნიმუშების მეტალიზაცია (მოოქროვება) და კვლევა ელექტრონული მიკროსკოპით. გაიშიფრა მიკროსკოპებით კვლევის შედეგად გაზომილი სპექტრები და მოხდა მათი ინტერპრეტაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.
ლაბორატორია მოწყობილია 542 მ2 სივრცეში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით. ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კულტურის სამინისტროს კონსულტაციითა და უწყების უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ, სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
0
0