03/10/2024
15:25
მსოფლიო
ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ „ასოშიეთიდ პრესმა“ გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, რომელშიც დონეცკის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ ვუჰლედარიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების უკან დახევას აფასებს.
პუბლიკაციის ავტორების აზრით, ვითარებამ ამ რაიონში გამოავლინა ყველა ძირითადი პრობლემა, რომელიც უკრაინელი სამხედროების წინაშე ომის ამ ეტაპზე დგას. ჟურნალისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების უკან დახევის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ აშშ-ის უარს, ნება დართოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დასავლური იარაღით დაარტყან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს უარი საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას, შეინარჩუნოს უპირატესობა ჰაერში და მასობრივად გამოიყენოს საავიაციო ბომბები, რაზეც უკრაინამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ეფექტური პასუხის გაცემა.
გარდა ამისა, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, უკრაინაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის ფრაგლებში ჯერ ვერ მოხერხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალწვეულებით შევსება, რომლებიც რუსული შეტევის ეფექტურად შეკავებას შეძლებდნენ.
„რუსების მთავარი ტაქტიკაა ჩვენი ალყაში მოქცევა ფლანგებიდან, ისინი ამ ტაქტიკას ექვსი თუ შვიდი თვის განმავლობაში მიმართავდნენ, მუდმივ საჰაერო დარტყმებთან ერთად. ასეთმა ტაქტიკამ საშუალება მისცა მათ, ამოეწურათ ჩვენი რესურსები“, – განუცხადა „ასოშიეთიდ პრესს“ უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის პრესმდივანმა არსენ პრილიპკამ, რომელიც 2022 წლის აგვისტოდან იცავდა ვუჰლედარს.
პრილიპკას თქმით, ვუჰლედარის დატოვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, როდესაც ქალაქის დაცვა შეუძლებელი გახდა. ეს მოხდა ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც 72-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები იქ როტაციის გარეშე იბრძოდნენ.
„რუსები ეძებდნენ სუსტ ადგილებს ჩვენს თავდაცვაში, მუდმივად სინჯავდნენ გზებს ქალაქში შესასვლელად. თავიანთი შეტევის კვალდაკვალ ცდილობდნენ მის სრულ განადგურებას. ჩვენ მუდმივად ცეცხლის ქვეშ ვიმყოფებით“, – განაცხადა 72-ე ბრიგადის წარმომადგენელმა.
სააგენტო წერს, რომ ამჟამად რუსეთი უკრაინაში ყოველდღიურად 120 საავიაციო ბომბს იყენებს, ანუ დაახლოებით სამი ათასს თვეში. ამასთან, რუსული სამეთაურო და ლოგისტიკური ცენტრები, ასევე აეროდრომები უკრაინული ძალებისთვის ხელმისაწვდომი ზონის მიღმა რჩებიან, რადგან აშშ კვლავ უარს ამბობს, გააუქმოს შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე.
„ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ დინამიკა და რუსები განაგრძობენ ზეწოლას“, – განუცხადა სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაქტიული ფოსტის“ დამფუძნებელმა, პავლო ნაროჟნიმ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებითაა დაკავებული.
0
0