19/09/2022
16:23
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლონდონში, სადაც ის დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფება.
მისი თქმით, უკრაინაში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები რუსეთის სამხედრო დანაშაულის ნაწილია და ამ სისასტიკეების ჩამდენებს შესაბამისი პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი და კანადა ორი უძლიერესი ქვეყანაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას და გამოვიდნენ რუსეთის არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, შეიცავს ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩაში და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა და ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში“, – განაცხადა ტრიუდომ.
როგორც „როიტერი“ წერს, გასულ კვირას უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს 440 ცხედარი ქალაქ იზიუმთან მდებარე ტყეში, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
0
0