07/10/2024
21:12
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს.
უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა თურქმენეთში გაიმართება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი 11 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა.
თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით პუტინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში.
„არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ერთზე უკვე შევთანხმდით – ეს არის შეხვედრა ირანის პრეზიდენტ პეზეშკიანთან. ეს შეხვედრა დიდი მნიშვნელობისაა როგორც ორმხრივი საკითხების განსახილველად, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გამწვავებული სიტუაციის განსახილველად”,- აღნიშნა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ფორუმზე მიწვეული არიან სხვა მეზობელი ქვეყნების ლიდერებიც – ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.
0
0