26/10/2021
14:51
საზოგადოება
მარინა ეზუგბაიამ მოქალაქეებს და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, აიცრან.
„საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. მგონია, რომ გარკვეულწილად პიკია. ჩვენი სურვილია, ჯანდაცვის სისტემამ თავისი ვერტიკალით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, კლინიკურმა სექტორმა და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება გარკვეუწილად შევაკავოთ. დაავადების დაძლევის ერთადერთი გზა გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ვაქცინაციის ტემპის დავარდნა არის ქვეყნისთვის ძალიან შემაფერხებელი, შემაფერხებელია ეკონომიკის განვითარებისთვისაც. საერთოდ, ვაქცინაციის შეფერხება ნიშნავს, რომ დაავადების სტაბილიზაციას ვერ მოვახერხებთ და მუდმივად გვექნება ასეთი ტალღები. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ვაქცინაცია. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორს ვთხოვო, რადგან ისინი უნდა იყვნენ სამაგალითოები ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია. თუ ნებაყოფლობით ეს არ მოხდება, ჩემი პირადი აზრი, სურვილია, რომ მაშინ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს სამედიცინო სფეროში, რათა იყოს მაგალითი, როგორ მოხდეს კოვიდინფექციის დამარცხება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ასევე მიმართა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, დაფიქრდნენ და ხელი არ შეუშალონ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესს.
„ეს არის ომი და ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით. შეფერხება განპირობებულია ვაქცინაციის საწინააღმდეგო ძლიერი მოძრაობით, ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობით. მინდა, მივმართო თითოეულ მათგანს, ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და მისი სიცოცხლე შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს, ამ ანტივაქსერულ მოძრაობაში მყოფი ადამიანების მძიმე ტვირთია. ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე. მინდა, მივმართო ანტივაქსერებს, რომ დაფიქრდნენ, რადგან ძალიან დიდი ტვირთია, რასაც ისინი იღებენ. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდდაავადების დამამარცხებელი, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
0
0