22/01/2025
13:29
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ „ფედერალური მთავრობის იარაღად გამოყენების დასასრულებლად“.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სამართლებრივ დევნის იარაღად გამოყენებასა და ამით დემოკრატიული პროცესის ხელყოფაში სდებს ბრალს.
„ამერიკელი ხალხი გახდა თვითმხილველი, როგორ აწარმოებდა წინა ადმინისტრაცია სისტემურ კამპანიას პოლიტიკურ ოპონენტებად აღქმული პირების წინააღმდეგ, რა დროსაც იყენებდა მრავალ ფედერალურ სამართალდამცავ უწყებასა და დაზვერვის სამართლებრივ ძალას ამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოძიების, დევნის, სამოქალაქო აღსრულების და სხვა მსგავსი ქმედებების სახით“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მრავალი ამ ქმედებათაგან შეუთავსებელი იყო აშშ-ის კონსტიტუციასთან.
დოკუმენტის თანახმად, წინა ადმინისტრაციის სამიზნეები ხდებოდნენ პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მის პოლიტიკას. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო ფედერალური გამოძიებები და დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური მოტივაციით.
როგორც დონალდ ტრამპის განკარგულებაშია ნათქვამი, იუსტიციის დეპარტამენტმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა 1 500-ზე მეტი პირი, მაშინ როდესაც მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ წევრების წინააღმდეგ არეულობაში მონაწილეობის თითქმის ყველა საქმე დახურა.
0
0