22/01/2025
16:31
მსოფლიო
როგორც NBC News-ი წერს, ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში ტრადიციული საღმრთო ლიტურგიის ჩატარების შემდეგ, სასულიერო პირმა მარიან ედგარ ბუდემ ქადაგებისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამბიონიდან მოუწოდა, რომ „ლმობიერება“ გამოიჩინოს ლგბტქ პირებისა და მიგრანტების მიმართ.
"ღმერთის სახელით, გთხოვთ, ლმობიერება გამოიჩინოთ ჩვენს ქვეყანაში მყოფ იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ახლა შეშინებულნი არიან, რომ უსაფრთხოდ ვერ იცხოვრებენ. დემოკრატ, რესპუბლიკელ და დამოუკიდებელ ოჯახებში ჰომოსექსუალი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ბავშვები იზრდებიან. ასევე მიგრანტები შეიძლება არ არიან [აშშ-ის] მოქალაქეები ან მათ არ აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ დიდი უმრავლესობა არ არის კრიმინალი. ისინი იხდიან გადასახადებს და კარგი მეზობლები არიან. ისინი ჩვენი ეკლესიების, მეჩეთების, სინაგოგებისა და ტაძრების ერთგული წევრები არიან. გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, ლმობიერება გამოიჩინოთ ჩვენი საზოგადოების წევრების მიმართ, იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც ეშინიათ, რომ მშობლებს წაართმევენ. დაეხმარეთ მათ, ვინც გაურბის საომარ ზონებს და საკუთარი მიწებიდან იდევნებიან და აქ თანაგრძნობისა და თავშესაფრის მისაღებად ჩამოდიან“, - თქვა ბუდემ.
მოგვიანებით, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქადაგება "არცთუ ისე საინტერესო მოსასმენი იყო".
"რამე მოგეწონათ ამ ქადაგებაში? საინტერესოდ მოგეჩვენათ? არც თუ ისე საინტერესო იყო, არა? და არც სასარგებლო!", - მიმართა ტრამპმა ჟურნალისტებს.
0
0