24/07/2024
10:12
სპორტი
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონთან, „დეჩიჩთან“ მატჩამდე ბათუმის „დინამოს“ პორტუგალიელმა მეკარემ, რიკარდო სილვამ გულშემატკივრებს მიმართა და მოუწოდა, გუნდს მხარი დაუჭირონ.
„ხვალ ისევ თქვენი, გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი დიდი გამარჯვება ისევ ერთად ვიზეიმოთ, როგორც ეს ბოლო თამაშზე „ლუდოგორეცთან“ მოხდა. სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და იმედია, ახლაც იგივე განმეორდება. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა რიკარდო სილვამ.
„დეჩიჩთან“ მატჩამდე ფეხბურთელები კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემაც გაამხნევა:
„ამ თამაშების მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით. ჩემი, როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარის გადასახედიდან ვამბობ, დიდი ხანია, არ გვქონია ასეთი შანსი, რომ წინ წავიწიოთ. ერთი იცოდეთ, თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ ამ ქალაქის გმირები. არ მინდა, რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. თუ ჩვენ ისევე ვითამაშებთ, როგორც „ლუდოგორეცთან“, დარწმუნებული ვარ, მოგებასაც შევძლებთ. მე და მთელ ბათუმს სჯერა თქვენი“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
24 ივლისს ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონს, „დეჩიჩს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს. „ბათუმი არენაზე“ შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
0
0