24/01/2025
14:07
პოლიტიკა
ის [თეიმურაზ წიქვაძე] ივანიშვილის პირადი ჟამთააღმწერელია, ზუსტად ისევე, როგორც შათირიშვილია მისი პირადი ფილოსოფოსი. გარდა ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენებისა, არც ერთი მტკიცებულება არ არის საქმეში, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენ რაიმე სახის საინვესტიციო ხელშეკრულება ან შეთანხმება გვქონდა,- ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მან დღეს სასამართლოში დაკითხული მოწმის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის ჩვენება შეაფასა და აღნიშნა, რომ მას საქმესთან შემხებლობა არ აქვს გარდა იმისა, რომ ივანიშვილის წერილი პროკურატურაში მიიტანა.
„როცა პროკურორი აკეთებს განმარტებას, ის გადაწყვეტს, ვის და როდის მოიყვანს ბიძინა ივანიშვილს, ეს ღიმილის მომგვრელია, რადგან ბიძინა გადაწყვეტს ამ სასამართლო პროცესზე რას იზამს პროკურორი, მოსამართლე. ხაზი მინდა მთელი ამ პროცესის აბსურდულობას გავუსვა. როგორც პროკურორმა განმარტა, მათი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა [წიქვაძე]. მას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან - ივანიშვილმა მას წერილი გაატანა, რომელიც პროკურატურაში მიიტანა. როგორც თვითონ თქვა სასამართლოზე, ის ივანიშვილის მონათხრობს ჰყვება. ის არც ექსპერტია და არც ამ საქმის დეტალების მომსწრე არაა, ის ივანიშვილის პირადი ჟამთააღმწერელია, ზუსტად ისევე, როგორც შათირიშვილია მისი პირადი ფილოსოფოსი, მის წერილებს აქვეყნებს შათირიშვილი, სასამართლოში ივანიშვილის აზრებს წიქვაძე ყვება...
გარდა ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენებისა, არც ერთი მტკიცებულება არ არის საქმეში, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენ რაიმე სახის საინვესტიციო ხელშეკრულება თუ შეთანხმება გვქონდა. ივანიშვილის წარმომადგენელი და პროკურორი რასაც უნიჭოდ ცდილობენ დაამტკიცონ, ეს არის თითქოს ის, რომ საბანკო ხელშეკრულება იმის დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი ინვესტორი იყო. ბანკში სესხი რომ ავიღე, ჩვეულებრივი საბანკო ხელშეკრულებაა, სესხი როგორც ავიღე, ისე გავისტუმრე“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
კითხვაზე, რომ წერილი, რომელიც მას წიქვაძემ გაუგზავნა, მუქარის არ ყოფილა და ის მორიგებას ეხებოდა, ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ეს არა მორიგების მცდელობა, არამედ თანხის გამოძალვის მცდელობა იყო.
„როდესაც ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა შეთხზული, როდესაც ამ საქმეს სანქცირებული პროკურორი, სანქცირებული სასამართლო კურირებს და როდესაც ჩემს მიმართ ისეთი აღკვეთის ღონისძიებები გამოიყენება, რაც დასაბუთებული არ არის, გარდა ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენებისა... ივანიშვილის ზეპირი ჩვენებით მე მთელი ქონება მაქვს დაყადაღებული და ვარ გირაოთი გამოსული. ამ დროს ივანიშვილი მიგზავნის წერილს, თუ გინდა ეს ყველაფერი დასრულდეს, ამდენი ფული გადამიხადეო, ეს თუ გამოძალვა არ არის... მორიგებით დაინტერესებული არ ვიყავი, ივანიშვილის წარმომადგენლებთან ორი შეხვედრა მოხდა ჩემი ინიციატივით... ამის შემდეგ იყო მათი შემოთავაზება, მათი ულტიმატუმი და აჩვენეს, რამდენის გამოძალვა უნდათ ჩემგან, რასაც არ დავთანხმდი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოში მისვლას ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს.
„ივანიშვილი აქ მოსვლას რა თქმა უნდა, ვერ გაბედავს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება მან გააკეთოს, ვიდეოჩართვაა, რაც სინგაპურის და ბერმუდას სასამართლოში გააკეთა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986
ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0