13/10/2024
21:26
სპორტი
ალბანეთის ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველმა, არდიან ისმაილმა საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდი მხოლოდ ჯგუფის მოსაგებად იბრძოლებს.
„თბილისში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით. მჯერა, რომ ხვალ ჩვენი გუნდი მოიგებს. ბოლო ორ მატჩში დავმარცხდით, მაგრამ ამ თამაშების ჩანაწერები რომ ვნახეთ, საქართველოსთან წაგებას არ ვიმსახურებდით. სამი ქულა გვაქვს და იმედია, პირველი ადგილისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.
ყველამ ვიცით ხვიჩა კვარაცხელიას მაღალი კლასი და შესაძლებლობები, მაგრამ ისევე როგორც ტირანაში, ამჯერადაც შევძელით მის განეიტრალებას. განსაკუთრებით ყურადღებით მცველები უნდა ვიყოთ, რომ მოწინააღმდეგეების შეტევები შევაჩეროთ.
საბა გოგლიჩიძე უკვე ერთი წელია, რაც „ემპოლიშია“, ნიჭიერი ბიჭია და კარგი მონაცემები აქვს. წელს მას ძირითადში თამაშის შესაძლებლობა მიეცა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. მჯერა, რომ საბას წარმატებული კარიერა ექნება.
ჩვენ კარგად ვიცით საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეები. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ქართველების თამაში გააანალიზა და დარწმუნებული ვარ, რომ შრომითა და თავდადებით მიზანს მივაღწევთ. ჩვენი გეგმაა, რომ მოსაგებად ყოველთვის ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც აქამდე ვცდილობდით. ბოლო ორ თამაშში სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, მაგრამ იმედია, ხვალ მოგებას შევძლებთ.
საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს და თავის შანსს ელოდება. ჩვენი გეგმა არ შეცვლილა და იმედია, საბოლოოდ წარმატებას მივაღწევთ“, – განუცხადა ისმაილმა ჟურნალისტებს.
0
0