24/01/2025
11:51
საზოგადოება
მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ჩართულია აუდიოჩანაწერი, რომელსაც ვერ თიშავენ. ისინი სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოებსაც ავრცელებენ.
აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"
გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას შემდეგი სიტყვები: “ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ჩანაწერში ასევე ისმის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხმაც, სადაც ის თანხებთან დაკავშირებით საუბრობს.
ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერში ასევე ისმის მიხეილ ყაველაშვილის უცენზურო განცხადებაც, რომელიც მან ე.წ. რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან 2022 წელს გააკეთა.
მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევა მოხდა.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.
მათი განმარტებით, გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიის არის და ტექნიკური მხარდაჭერაც მათ ეკუთვნით.
„საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიის არის. ესენი არიან ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც გაბილეთიანების სისტემას უზრუნველყოფენ. გადახდის აპარატებიც მათია და ამ გადახდის აპარატების ტექნიკური მხარდაჭერაც მათ ეკუთვნით. როგორც ინფორმაცია მაქვს, ეს ხდება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში. ტექნიკურად რა მოხდა, როგორ და რატომ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩართული არ ვართ“, - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
„ინტერპრესნიუსი“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ კომპანიებს ესაუბრნენ და ისინი ინფორმაციას არკვევენ.
0
0