13/09/2022
11:46
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დილის 00:05 საათიდან, აზერბაიჯანი სომხურ სამხედრო პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს ქალაქ გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით. აზერბაიჯანის ჯარებმა გამოიყენეს დრონები, ასევე ნაღმტყორცნებისა და დიდი კალიბრის იარაღი. სომხეთის შეიარაღებული ძალები პროპორციულ რეაგირებას ახდნენ“, -ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის საზღვრებთან „მასშტაბურ დივერსიულ ქმედებებში“ დაადანაშაულა. „არის დანაკარგები [აზერბაიჯანელ] სამხედროებს შორის“. სამინისტრომ დაღუპულთა რაოდენობა არ დაასახელა.
შეერთებულმა შტატებმა ღრმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
„როგორც დიდი ხანია ვაცხადებთ, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ შეიძლება. მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული შეტაკებების შესახებ ცნობები ორ ქვეყანას შორის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგაც კი ხშირად ვრცელდება. გასულ კვირას, სომხეთმა აზერბაიჯანი საზღვართან თავდასხმისას ერთ-ერთი სომეხი ჯარისკაცის მკვლელობაში დაადანაშაულა.
აგვისტოში, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ დაკარგეს ერთი ჯარისკაცი, ხოლო ყარაბაღის არმიის მტკიცებით, დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.
ორ მეზობელ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონის - აზერბაიჯანის სომხებით დასახლებული ანკლავის გამო აქვთ.
0
0