13/10/2024
10:16
სპორტი
შესაძლოა, უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა, რადგან ქართველებს მეტი, თანაც უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა, - განაცხადა დონეცკის „შახტარის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, „ალ-რაედის“ მწვრთნელმა იური ბენიომ Tribuna.com-თან.
უკრაინელმა მწვრთნელმა ერთა ლიგაში უკრაინის ნაკრების საქართველოს წინააღმდეგ მატთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მთავარი შედეგია, რაც ჩვენი ნაკრების მდგომარეობის გათვალისწინებით სასურველი აღმოჩნდა. შესაძლოა, უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა, რადგან ქართველებს მეტი, თანაც უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა. ბიჭებმა ეს თავდადებითა და ბრძოლით დაიმსახურეს.
მოედანმა ფეხბურთის ჩვენებაში ხელი ორივე გუნდს შეუშალა, რადგან გაზონის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ფეხბურთელები ძალიან დაზარალდნენ. თუმცა, ჩვენმა მოთამაშეებმა ეს ბარიერიც გადალახეს. წინა ორ თამაშთან შედარებით, უკრაინის ნაკრები სრულიად განსხვავებული გუნდი იყო.
პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ მეტოქის „მოგუდვას“ ვცდილობდით და შეტევების წამოწყების საშუალებას არ ვაძლევდით. ეს ქართველებს აიძულებდა, გრძელი პასებით ეთამაშათ, რომელსაც ადვილად ვჭრიდით. აქტიურად, მაღალი პრესინგით მოწინააღმდეგეს ბურთი ბევრჯერ ავართვით და გოლიც ასე გავიტანეთ“, – ამბობს იური ბენიო.
საქართველო-უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა. თამაში დაძაბულად წარიმართა. ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.
0
0