31/10/2021
15:52
პოლიტიკა
„ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების პირველადი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო, ეუთო/ოდირს, ევროპარლამენტს და მათი სახით ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს იმ საქმისთვის, რომელიც მათ გასწიეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი მონაწილეობა უზრუნველყოფდა მათ შორის პოლარიზებულ გარემოში, რაზეც მათაც ისაუბრეს ობიექტური შეფასების არსებობის შესაძლებლობას.
ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც ეუთო/ოდირის, ისე ევროპარლამენტარების დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური, არც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და ზოგადად მეორე ტურს, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები, რომ ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, როდესაც კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად კამპანიის წარმოება და როდესაც თავად ადმინისტრირება იყო გამართული, ვნახეთ მათ შორის შექების ტექსტები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს მიმართ, ისევე როგორც რეფორმირებული კანონმდებლობის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების პირველად ანგარიშში ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით იყო პოზიტიური შეფასებები. „ასევე ხმების დათვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად პოზიტიურად იყო შეფასებული ის მექანიზმები რომელიც საარჩევნო რეფორმის შედეგად იყო შემოღებული, რაც გულისხმობს ხმების ხელახალ დათვლას. აღინიშნა, რომ ამან და განსაკუთრებით იმ გარემოებამ რომ უბნების 22% ხელახლა იყო გადათვლილი დაადასტურა არჩევნების შედეგები, აქედან გამომდინარე იყო ძალიან პოზიტიური მექანიზმი. ასევე ხაზი გაესვა სიების გამართულობას და თავად საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა 2021 წლის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ მედიას დღეს პირველადი ანგარიში წარუდგინეს.
0
0