28/01/2025
23:40
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლუვრში შესვლის საფასური გაიზრდება იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არ არიან.
„ეს გეგმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევცვალოთ შესვლის ფასები, შეიძლება ასევე გავრცელდეს სხვა მუზეუმებსა და ძეგლებზე. ეს ძალაში უნდა შევიდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, განიხილება მუზეუმში დამოუკიდებელი სივრცის შექმნაც, სადაც მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა იქნება წარმოდგენილი. მუზეუმის ამ ნაწილს განსხვავებული შესასვლელი ბილეთი ექნება.
მანამდე ლუვრის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუკუნოვან შენობას განახლება სჭირდება. მან კულტურის მინისტრს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ ლუვრი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მიუთითა წყლის გაჟონვისა და სხვადასხვა პრობლემებზე, რაც საფრთხეს უქმნის ხელოვნების ნიმუშების შენახვას.
ემანუელ მაკრონის თქმით, განხორციელდება პროექტი სახელწოდებით „ლუვრის ახალი რენესანსი“, რომელიც 2031 წლისთვის უნდა დასრულდეს.
0
0