02/08/2024
15:52
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აღარ განიხილავს. საქმეში ახალი მოსამართლე - მიხეილ ჯინჯოლია ჩაერთო.
სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, აღნიშნულს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, როცა საქმეში ახალი მოსამართლე ერთვება, მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა უნდა მოხდეს, თუკი, მოსამართლე სათადარიგო არ იყო.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, თუკი, საქმის ხელახალი განხილვა არ დაიწყება და მოსამართლე სხდომის ოქმებით გაეცნობა მტკიცებულებებს, ის ისეთივე ინფორმირებული იქნება, როგორც წინა მოსამართლე და ეს დაცვის უფლებას არ დაარღვევს.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
0
0