26/11/2024
14:30
პოლიტიკა
ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მხარდაჭერის გაძლიერებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა აშშ-სთან მიიღწეს ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას.
„გასულმა 4-მა წელმა, განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე და პირიქით, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეების გამოყენება როგორ ხდება საგარეო პოლიტიკაში. ამიტომაც, ერთდროულად განსაკუთრებული გამბედაობა და სიფრთხილე სჭირდება საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მხარდაჭერის გაძლიერებას. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით. საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას. გამორჩეული პრიორიტეტი იქნება ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები. ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა დიალოგი პარტნიორებთან. დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი. პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება. იმედი მაქვს, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდგომ გვექნება შესაძლებლობა ინტენსიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან იმისთვის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის წევრობისკენ ნაბიჯები გადავდგათ წინ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ახალი პლატფორმების ჩამოყალიბებასაც. ხელს შევუწყობთ რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების წარმოებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და რა თქმა უნდა, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას დიპლომატიურ ასპარეზზე.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ამოცანა აშშ-სთან მიიღწეს ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას. მომდევო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველო ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0