27/12/2021
20:25
პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანსა და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან დღეს ნამდვილად არ გვაქვს საქმე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობას მონიტორინგს უწევდა და მიაჩნია, რომ სამსახური ეფექტურად და გამჭვირვალედ ასრულებდა დაკისრებულ უფლებამოსილებას.
„2019 წლის პირველი ნოემბრის შემდგომ ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, ვითხოვდით ინფორმაციას მიმდიბნარე რეჟიმში და ვსწავლობდით მათ მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენს საპარლამენტო ანგარიშებში ყოველთვის ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა დროულობის, დეტალურობისა და ზედმიწევნითობის მოთხოვნებს, რაც წარმოადგენს არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების სტანდარტს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რიგითი პროფესიული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შემოთავაზებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული წესისგან განსხვავებულ რეგულირებას, რაც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებით და დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით. პროფესიული საჯარო მოხელეების სამსახურეობრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რის უგულებელყოფასაც აქვს დღეს ადგილი“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა პროექტის დაჩქარებულად განხილვა.
„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ამ ტიპის პროცედურით შესაძლებელი ხდება კანონპროექტის მიღება სამივე მოსმენით ერთ კვირის ვადაში. როდესაც საკითხი ეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც გამართულად და ეფექტურად საქმიანობს იმ პირობებში, რომ არც ერთ დაინტერესებულ მხარესთან და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოსთან, მათ შორის სახალხო დამცველთანაც, არ მომხდარა წინასწარი კონსულტაცია, ნათელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან. ასევე, ჩვენ, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანო, მზად ვართ, საქართველოს პარლამენტს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის და ასევე, იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ მათი საქმიანობის გასაძლიერებლად.
პარალელურად, მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას გააუარესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
0
0